skip to content
ახალი ამბები

პრემიერი თბილისის საპროტესტო აქციებს „დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ ძალებს უკავშირებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“, ყოველკვირეულ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „უცხოეთის აგენტებზე“ კანონ პროექტების წინააღმდეგ 7-9 მარტს თბილისში გამართული საპროტესტო აქციები „დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ და „ექსტრემისტულ“ ძალებს დაუკავშირა და თქვა, რომ მათი მიზანი ქვეყანაში „ქაოსისა“ და „დესტაბილიზაციის“ შენარჩუნება იყო. ამავე ინტერვიუში, პრემიერმა ყურადღება ასევე გაამახვილა ევროკავშირის წევრობაზე, ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე.

„დესტრუქციულ“, „ექსტრემისტულ“ და „ანარქისტულ“ ძალებს ქვეყანაში „ქაოსისა“ და „მუდმივი დესტაბილიზაციის“ შენარჩუნება სურთ

7-9 მარტს თბილისში „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა ერთი მხრივ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერის იდეით იქ „ბევრი გულანთებული“ ახალგაზრდა იდგა, მეორე მხრივ კი – აღნიშნა, რომ პროტესტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინაციით „დესტრუქციული“, „ანარქისტული“ მოძრაობის წევრების მიერ იყო მართული, რომელთა „ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა“. „შეიძლებოდა რამდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე“.

„ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის, ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი [მეტი თავისუფლება]“, ვაშაძის პარტია [„სტრატეგია აღმაშენებელი] და სხვები“, – განაცხადა მან.

ამავე კონტექსტში, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს უნივერსიტეტის“ ბაზაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბიც“ ახსენა, რომლის საქმიანობაც მოიცავს საგანმანათლებლო და მედიაპროექტებს, კვლევებს, პოლიტიკურ დისკუსიებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და კონსალტინგს. პრემიერის შეფასებით, ორგანიზაცია ახალგაზრდებს „წამლავს“ და „ტვინს ურეცხავს“ ახალგაზრდობას. „მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორეს მხრივ გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა“, – აღნიშნა მან.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად“ სწორედ „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები და „ეს დატრენინგებული, დესტრუქციული „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ მოძრაობის წევრები იქცეოდნენ“. „მათ ჰქონდათ პირდაპირ მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება მოლოტოვის კოქტეილებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა: „60-მდე პოლიციელია დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი, მე ეს მინდა განვაცხადო“.

“მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ“, – თქვა პრემიერმინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“.

ამის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და „თითოეულ პოლიციელს“, რომლებმაც ვითარების „იდეალურად“ დაგეგმვისა და მართვისთვის მადლობა გადაუხადა და უარყო მათი მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ ბრალდებები. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე“.

„უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების მიზანი და მათი გაწვევის დასაბუთება

„იმედთან“ საუბრისას პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტების მიზანი „უცხოური გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაცია“ და „მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა“ იყო. მანვე კვლავ აღნიშნა, რომ მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში. თუმცა, პრემიერს ადგილობრივ კონტექსტსა და არსობრივ სხვაობებზე არაფერი უთქვამს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ათწლეულებია, რაც საქართველოში „ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა საქმიანობა „არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული“. „მე ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე“, – ხაზი გაუსვა მან.

„ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე – ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“.

ამის მაგალითებად პრემიერმა ღარიბაშვილმა „დესტრუქციეული ქმედებებით და პროვოცკაციებით ცნობილი“ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“, ლგბტქი პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“, ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე მომუშავე ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ და არჩევნების თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დაასახელა. „ჩვენი ამოცანა არის ვიცოდეთ, იცოდეს ჩვენმა ხალხმა თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. აი ეს იყო მთავარი მოტივაცია“.

პრემიერმა იქვე დასძინა, რომ კანონპროექტების გარშემო შექმნილი ვითარების ფონზე, მათ გაწვევაზე ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო „სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება“. „ამით ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე „მეორე ფრონტები“ და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს“, – ხაზი გაუსვა მან.

ევროკავშირის წევრობა და კანდიდატის სტატუსი

ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გზაზე „რეალური პროგრესი“ სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში გაჩნდა. ამის მაგალითებად მან უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და გასულ წელს, ევროპული პერსპექტივის მიღება დაასახელა. „ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რომ ჩვენი ქვეყანა აღიარეს, როგორც სანდო პარტნიორი“, – ხაზი გაუსვა მან.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ყველაფერი გააკეთა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მანვე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ორჯერ და სამჯერ უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას „ყველა მიმართულებით“ და რომ მათ კანდიდატის სტატუსი ავანსის სახით მიანიჭეს.

„…სტატუსი უნდა მივიღოთ წლის ბოლომდე. თუ დამსახურებულ მიღებაზეა საუბარი. ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუ ვინმე საბოტაჟს გაუწევს, და სურს, რომ გაუწიოს საბოტაჟი, ეს არის ისევ აი ეს დესტრუქციული, ანარქისტული ძალები“, – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ ოპონენტებს „მობილიზებულები ჰყავდათ მთელი თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, მათთან დაკავშირებული ადამიანები რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“.

მისივე შეფასებით, თუკი დღეს ვინმეს არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, „ეს არის დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიცია“. „რატომ? სტატუსის მიღების შემდეგ მათ პრაქტიკულად ხელიდან ეცლებათ ყოველგვარი ბრალდება და ვერაფერს ვეღარ დაგვწამებენ. რა უნდა თქვან, ხომ? მაქსიმუმი გავაკეთეთ ჩვენ ამ პერიოდში. ამიტომ, ყველანაირად შეეცდებიან, რომ საბოტაჟი იყოს, მეტი არეულობა იყოს, რომ დაანგრიონ ეკონომიკა, რომ დაანგრიონ ტურიზმი, რომ არ იყოს 10%-იანი ზრდა, არამედ იყოს მინუს 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხალხზე აისახება“.

„საუბარი იყო იმაზე, ამ კონსტიტუციურ ჩანაწერს [ევროკავშირში ინტეგრაცია] ვინმე არღვევს თუ არ არღვევს. კონსტიტუციაში ჩანაწერი გაკეთდა სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შედეგად. ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ჩვენ ჩავწერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი, უალტერნატივო, შეუქცევადი გზა არის ევროატლანტიკური“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ სააკაშვილზე ევროპარლამენტის რეზოლუცია

პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე გაიმეორა, რომ ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მიღებული „სამარცხვინო რეზოლუციით, „პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა, გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი [და] ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან“.

„ეს ასე არ მოხდება“, – თქვა პრემიერმა და მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი „ძალიან ბევრი დანაშაული“ გაიხსენა. „არავითარი სამართლებრივი გამოსავალი, არც სურვილი, რომ რაღაც კანონი დავარღვიოთ, არ არსებობს. ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ, ჩვენ ვერ დავარღვევთ კონსტიტუციას. სააკაშვილი დღეს არის პატიმარი“.

„ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს. 100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა: „ყველა ის ევროპელი თუ უცხოელი, რომელიც ტოლობის ნიშანს უწერს სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას, ესე იგი, ის არ ცნობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ის პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ჩვენს ინსტიტუტებს, ჩვენს ხალხს. ჩვენ ჩვენი სახელი, ჩვენი ავტორიტეტი უნდა დავიცვათ. ჩვენ გვაქვს მრავალათასწლიანი სახელმწიფოებრიობა და კულტურა და იდენტობა და არავის არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ რაიმე უკანონობას ჩავიდენთ“.

„მეორე ფრონტი“

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზეც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და ამის დასტურად უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები დაასახელა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მიზანიც სწორედ ეს იყო.

მანვე ქვეყანაში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობაში ევროპარლამენტარები და „დესტრუქციული ოპოზიციაც“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების „ძალადობრივ გზით დამხობა“ და შემდეგ ქვეყნის ომში ჩართვაა. „გვიკიჟინებენ რომ რატომ არ ვერთვებით ომში. წარმოვიდგინოთ რომ დღეს საქართველოში იყოს ომი, ყველამ კარგად ვიცით, აქ რა მოხდება – ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე“.

„ყველა მიმართულებით არის პროგრესი. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა ასეთი გამოწვევების ფონზე გვაქვს ამხელა პროგრესი, ჩვენ ბევრს ნერვებს ვუშლით და ბევრს ჰქონდა ილუზია და იმედი, რომ საქართველოს როლი უნდა ყოფილიყო ომში ჩართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინისთვის გაწეულ სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებასა და საერთაშორისო დონეზე გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ“.

შენიშვნა: პრემიერმინისტრი 24 მარტს პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. ოპოზიციონერ კანონმდებლებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის ბიუჯეტის „რეკორდულად შემცირების“ მიზეზები აინტერესებთ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button