skip to content
ახალი ამბები

S&D უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის „ომში ჩათრევის“ რიტორიკას და დებატებს მოითხოვს

ევროპარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ პარტია (S&D) უარყოფს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი ცდილობს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩართოს. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ სოციალ-დემოკრატების პარტიის (S&D) პოლიტიკურ იდეოლოგიას იზიარებს.

„სოციალ-დემოკრატებმა“ სტრასბურგის პარლამენტში საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ დებატები მოითხოვეს, რომელიც დღეს გაიმართება.

პედრო მარკესი, პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც S&D-ის საგარეო საქმეთა საკითხებზეა პასუხისმგებელი, წერს: „ჩვენ ვგმობთ პრემიერ ღარიბაშვილის შეცდომაში შემყვან განცხადებებს ევროპარლამენტის შესახებ“.

მარკესი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ არ უნდა იყოს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენებული. განცხადებაში ნათქვამია: „შარშან, საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს თავიანთი მზაობა ევროპული რეფორმების გატარებისთვის, როდესაც უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“. მარკესი მოუწოდებს ქართველ ლიდერებს, „ეფექტიანად და ცალსახად“ გაამყარონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება საჭირო რეფორმების განხორციელებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა – დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ძირითადი თავისუფლებები.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ S&D-ის წარმომადგენლები ყოველთვის დაუჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებიც იცავენ დემოკრატიას, ხელს უწყობენ დემოკრატიულ რეფორმებს და ისწრაფვიან თავიანთი ევროპული მისწრაფებების რეალიზაციისაკენ. ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელმაც რამოდენიმე დღის წინ გააპროტესტა რუსული სტილის კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ და აცხადებს, რომ ასეთი კანონის ადგილი არ არის ქვეყანაში, რომლსაც ევროინტეგრაციის სურვილი აქვს.

მარკესი მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ქართველი ხალხის სურვილი და კანონპროექტი გაიწვია. ის მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთობლივად იმუშაონ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელ რეფორმებზე, რათა საქართველომ შეასრულოს ევროკომისიის და საბჭოს მიერ დადგენილი რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button