ახალი ამბები

პრემიერ მინისტრის ინტერვიუს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

ტელეკომპანია „იმედთან“ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 12 მარტის ინტერვიუს, სადაც მან „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები „დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ ძალებს დაუკავშირა და რიგ სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად კარებში ეს ხალხი აუცილებლად გაეჩხირება და გააკეთებს ყველაფერს, რომ ევროკავშირის სტატუსი არ მივიღოთ“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

ყოფილი პრემიერის, პარტია საქართველოს დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის ენით გვითხრა, რომ არ გაუზიარებიათ შეცდომები და პრორუსულ საქმეს „აბსოლუტურად შეგნებულად“ და „სრული სინქრონით“ აკეთებენ. „მათი [მმართველი გუნდის] მიზანია კანდიდატის სტატუსი არ მიიღონ, 2024 წლის არჩევნები გააყალბონ და ძალაუფლება შეინარჩუნონ, ამ ყველაფრისთვის მზად არიან საზოგადოების დაპირისპირებისთვისაც“, – აღნიშნა მან.

„ჩვენ ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი როგორ თავხედურად, როგორ მხდლად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება. მისი მუქარის არავის ეშინია. ვეუბნები პირადად, არცერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი! არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტს! ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდით და ერთიანობით არ მიგაცემინებთ პასუხისგებაში. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ!“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

პრემიერი „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამაც გააკრიტიკა და თქვა, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერაფერი გაიგო იმასთან დაკავშირებით, რომ „არაფერ შუაშია რომელიმე ოპოზიცია იმასთან, რომ ხალხმა ხელისუფლებას კურსის ცვლილება არ შეარჩინა“. „ნაცვლად იმისა, ამაზე იფიქრონ, თუ რა ჩაიდინეს, რის მცდელობა ჰქონდათ და რა არ გაუტარა ხალხმა, „სატანისტ ბავშვებზე“ საუბრობენ, ეს არის იმის პირდაპირი ნიშანი, რომ ბატონი ღარიბაშვილი, როგორც პრემიერმინისტრი, ჩვენ ვერ მოვიხდინეთ როგორც ქვეყანამ“, – დასძინა მან.

„[ირაკლი] ღარიბაშვილს ვუსმინე და რა იყო ეს, ა? რა სატანისტები, რა “ფრანკლინის კლუბი”,… ასე არ შეიძლება პრემიერ მინისტრი ლაპარაკობდეს საკუთარ ხალხზე და ახალგაზრდებზე. მოკლედ რა – ქართული ოცნება აბსოლუტურად ამოწურულია და უნდა წავიდეს!”, – დაწერა Facebook-ზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

„ახალგაზრდების მიზანი ხელისუფლების ცვლილება რომ ყოფილიყო, ხელისუფლება დღეს შეცვლილი იქნებოდა“, – განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით კი – „ჩვენ მყისიერად უნდა ვიყოთ მზად რეაქციისთვის პრემიერის გუშინდელი გამოსვლის ფონზე, თუ კი ამ პუტინისტურმა რეჟიმმა იმ რეპრესიების განხორციელება გაბედა, რომელიც პრემიერმა გუშინ უტიფრად დააანონსა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button