თბილისის მოვლენების ფონზე, მოსკოვი სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ პროვოკაციების რისკზე საუბრობს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებმაც მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ იძულებული გახადა უარი ეთქვა ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს მოვლენები რუსეთთან კავშირში არ არის, მაგრამ მოსკოვში შეშფოთებას იწვევს, რადგან არსებობს რისკები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით.
„რა თქმა უნდა, არსებობს პროვოკაციების რისკი. მე და თქვენ ვიცით, რომ სიტუაცია ამ სახალხო მღელვარების გამომწვევი გახდა, ამ სიტუაციას არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან“, – ციტირებს პესკოვს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“.
ამასთან, საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებში ის ვიღაცის „ხელს“ ხედავს. „ამავდროულად, ვხედავთ, რომ ვიღაცის „ხელი“ და კვლავ, შეუძლებელია „უხილავი ხელი“ უწოდო, ხილულია, ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს, საქართველოდან არ მიმართავს ქართველ მამაკაცებსა და ქალებს, ის ამერიკიდან მიმართავს. ამიტომ, ვიღაცის „ხილული ხელი“ გულმოდგინედ ცდილობს აქ ისევ ანტირუსული ელემენტის ჩამატებას“, – განაცხადა პესკოვმა.
„ამას, შესაძლოა, პროვოკაციები მოჰყვეს და ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით“, – დასძინა მან.
იმავე აზრს ავითარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისში საპროტესტო აქციები „რა თქმა უნდა, გარედან არის ორკესტრირებული“.
„ძალიან ჰგავს კიევის „მაიდანს“. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ მათი ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ის ოდენობით, მხოლოდ საბაბი იყო, რომ ზოგადად, ძალაუფლების ძალით შეცვლის მცდელობა დაწყებულიყო“, – განაცხადა ლავროვმა რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემა „დიდ თამაშში“.
პარალელურად, 9 მარტს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“, ალექსეი ჯიოევი ტელეფონით ესაუბრა სოხუმელ „კოლეგას“ ინალ არძინბას, რა დროსაც, მათ თბილისში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და „შეშფოთება გამოთქვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისა და სიტუაციის შესაძლო დესტაბილიზაციაზე“. ამ ფონზე, ჯიოევმა და არძინბამ ხაზი გაუსვეს მოსკოვის „როგორც რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტის“ როლს.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/03/2023 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი Bloomberg-ს ესაუბრა
- 10/03/2023 – მოსკოვის რეაქცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე
- 09/03/2023 – მმართველი უმრავლესობა ამბობს, რომ„აგენტებზე“ კანონპროექტს გაიწვევს
- 08/03/2023 – მოსკოვი და სოხუმი აცხადებენ, რომ ევროკავშირი საქართველოზე ზეწოლას ახდენს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)