მოსკოვის რეაქცია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლის პროპაგანდისტები აქტიურად ეხმიანებიან თბილისში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ეხება. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის გაწვევის პირობა „ქართულმა ოცნებამ“ 3-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ დადო და დაპირებისამებრ, 10 მარტს მეორე მოსმენით ჩააგდო კიდეც, არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთთან, ნაწილი კი – უკვე საქართველოს ამ მოვლენების უარყოფითი შედეგებით ემუქრება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში მომხდარ „არეულობებთან“და „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან კავშირი არ აქვს. „იქ არაფერი არ იყო შთაგონებული კრემლით, კრემლი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, – წერს რუსული სააგენტო „ტასი“ პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
პესკოვის თქმით, ასეთი კანონების „წინამძღოლი“ არის აშშ. „და თუნდაც (ქართული) კანონპროექტის ერთ-ერთი ვერსია, თუ სწორად გვესმის, ძალიან ჰგავდა აშშ-ს მსგავს კანონს. მეორე ვარიანტი ნაკლებად ჰგავდა აშშ-ს კანონს, თავისი არსით გაცილებით რბილი იყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო არც ერთთან და არც მეორესთან“, – განაცხადა პესკოვმა.
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს კრემლის „შეშფოთებას“ იწვევს. „რაც უნდა იყოს, ეს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან, როგორც ასეთი, არ გვაქვს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, იქ არსებულმა მდგომარეობამ არ შეიძლება ჩვენი შეშფოთება არ გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე იყოს ჩვენი საზღვრების პერიმეტრზე, აქ ახლა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ სიტუაცია უკეთესი იყოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გააკრიტიკა. ზახაროვას განცხადებით, „ბორელმა თქვა, რომ კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ახლა გასაგებია, აქამდე რატომ არ გახდა აშშ ევროკავშირის წევრი – ეს კანონი იქ 1938 წლიდან მოქმედებს“.
ბორელის განცხადებას ასევე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, გრიგორი კარასინი. „დააწყნარეთ ბორელი, გთხოვთ! ისევ ძვრება თავისი ჭკუის სწავლებით, ამჯერად საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს. ეს უკვე წესიერების საზღვრებს სცილდება!“ – წერს კარასინი ტელეგრამის არხზე.
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განაცხადა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ „ვაშინგტონმა არ დაუშვა საქართველო სუვერენული გამხდარიყო“.
„ბევრს, ვისაც საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ სმენია, კითხვა უჩნდება: რა ხდება, თუკი უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტმა შეიძლება ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს? მით უმეტეს, თუ იგივე კანონი მიღებულ იქნა თავად აშშ-ში 85 წლის წინ და დღემდე მუშაობს“, – წერს ვოლოდინი ტელეგრამზე.
მისი თქმით, „უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემოდა გაეკონტროლებინა საზღვარგარეთიდან ქვეყანაში გადარიცხული თანხები“ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც „ანტიქართულ დღის წესრიგს ქმნიან“.
„საქართველოსთან ჩვენ რთული ურთიერთობები გვაქვს. საპარლამენტთაშორისო დონეზე ისინი (ურთიერთობები) არ არსებობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მინდა ვისურვო, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფო იყოს. ისინი ჩვენი მეზობლები არიან“, – დასძინა ვოლოდინმა.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო „რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან“. რუსეთის იმ მოქალაქეებს კი, რომლებიც უკვე იმყოფებიან საქართველოში, სამინისტრო ურჩევს „მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას, კერძოდ ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებში“.
კრემლის პროპაგანდისტი, RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ თბილისში მომიტინგეები ყვირიან: „სოხუმი! სოხუმი!“? რაც მისი თქმით, ნიშნავს, რომ „მთელი ეს აურზაური მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი გაიხსნას“. როგორც სიმონიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, „2008 წლის აგვისტო რომ განმეორდეს, საქართველოს აღარავინ ელოლიავება და იქ ჯარს არ გაგზავნის, უბრალოდ თბილისს მაშინვე დაათხლეშენ [დაბომბავენ] თავზე, ყოველგვარი გარჩევების გარეშე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)