პრეზიდენტი აშშ-დან მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებს და ელჩებს მიმართავს
უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტის მიღებისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა და საგანგებოდ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და უცხოეთში საქართველოს აკრედიტებულ ელჩებს მიმართა.
„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი, ვდგავარ მე აქ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ თქვენს გვერდით, იმიტომ, რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომელიც თავის მომავალს ევროპაში ხედავს და არავის მისცემს უფლებას წაართვას ეს მომავალი“, – მიმართა პროტესტის მონაწილეებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, „ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობებს, ეს მომავალი არის, რომელსაც ჩვენი წინა თაობები ამზადებდნენ და რომელსაც ჩვენც ვამზადებდით. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება დააგოს მახეები“.
„ჩვენ ყველა ერთად, ახალგაზრდები ვინც იქ ხართ, მე აქ როცა ვაწარმოებ მოლაპარაკებებს… ჩვენ ვამბობთ იმას, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, თუმცა აზრია, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ხვალაც ერთად ვიქნებით და ამ ქვეყნას გავიყვანთ ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ, ეს პირობა ჩემ თავს დიდი ხნის წინ მივეცი“.
„ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, არსაიდან არ მოდის, თუ არა მოსკოვის კარნახით, ეს კანონი არის გასაუქმებელი, რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონი არის ეს“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
„არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა „მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, ყველაფერი [გააკეთოს] იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული“.
„დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს და ვინც დღეს ხმა მისცა ყველა არღვევს კონსტიტუციას, ყველა გვაშორებს ევროპას“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და უცხოეთში აკრედიტებულ ელჩებს ჰკითხა – „ჩვენ რას ვიცავთ ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს?“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)