ახალი ამბები

„ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები „უცხოეთის აგენტებზე“ კანონპროექტს აკრიტიკებენ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძე მმართველი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ინიციატივამ „უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს დემოკრატიული იმიჯი“.

„როდესაც საქართველოს ყველა მეგობრის აღქმა ერთნაირად უარყოფითია ამ კანონპროექტის მიზნებისა და დროში მიზანშეწონილობის თაობაზე, ვფიქრობ, მისმა მიღებამ, მით უფრო დაჩქარებული წესით, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს 2023 წელს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას“, – დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა 28 თებერვალს Facebook-ზე.

კვირიკაშვილის თქმით, მას, როგორც მმართველი გუნდის ყოფილ წარმომადგენელს, არასდროს ჰქონია „ჩასაფრებულის პოზიცია“ და მოქმედი ხელისუფლების წარმატებისა თუ წარუმატებლობისადმი „გულგრილი“ არასდროს ყოფილა. „იმედს ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს, რომლის დაჩქარებულად მიღწევის შესაძლებლობაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა“, – დაწერა ყოფილმა პრემიერმა.

კანონპროექტებს 27 თებერვალს ასევე Facebook-ით გამოეხმაურა მიხეილ ჯანელიძე და აღნიშნა, რომ „მთავარია მიზანი, თუ რას ემსახურება და რა კონტექსტში ხდება მისი მიღება/აღსრულება“. თუ შევხედავთ მიზანს და კონტექსტს, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გამყარებულ საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს“, – ხაზი გაუსვა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button