skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილზე ევროპარლამენტის რეზოლუციასა და „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 20 თებერვალს გამოქვეყნდა, პატიმრობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე ისაუბრა. ოცნებიდან წასულები ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში რჩებიან.

მიხეილ სააკაშვილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა – ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა“. მისივე თქმით, „ბევრი შეცდომა და უზუსტობა იყო“ წინა რეზოლუციებშიც.

„ამ რეზოლუციის პირველივე წინადადება ისე წარმოაჩენს, თითქოს სააკაშვილი სამშობლოდან დევნილი იყო. არადა, ყველამ იცის, რომ სინამდვილეში გაიქცა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ იგი „ქართულმა, და არა მარტო ქართულმა მართლმსაჯულებამ ის [უკვე] დამნაშავედ ცნო“ და მის წინააღმდეგ „კიდევ სამი საქმე ამჟამად განიხილება“.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს საქართველო მიზანმიმართულად დააზიანოს, რათა სააკაშვილი დაიხსნან ციხიდან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსი კი არა, სააკაშვილის მეგობრები არიან და შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ერთ ადამიანს გადააყოლონ“, – განაცხადა მან.

მანვე „სააკაშვილის რეჟიმის“ დროს „ნაწამები ადამიანებიც“ გაიხსენა და საილუსტრაციოდ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქის მიერ მოგებული კიდევ ერთი საქმე მოიხმო, რომელიც 2011-2012 წლებში გლდანის ციხეში მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის – წამების აკრძალვის დარღვევას ასაჩივრებდა.

„სინამდვილეში ის [მიხეილ სააკაშვილი] „გულაგების“ პრეზიდენტია. ეს უნდა ავუხსნათ ევროპელებს“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ისტორიის ნაწილი, რომლის გადაწერასაც ითხოვს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელიც დამნაშავის დასჯას ვენდეტას უწოდებს“.

პარლამენტის თავმჯომარემ ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი, რაშიც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეთანხმება, ის არის, რომ სააკაშვილის საქმე ნამდვილად არის „ლაკმუსის ტესტი“, იმისათვის, რომ „დავინახოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ სააკაშვილის მეგობარი“.

„ხალხის ძალის“ კანონპრექტი

უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „არასწორია, როდესაც ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, ეს ანტიდემოკრატიულია“.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება. „მე ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს. მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, ვინ არის ის ხალხი, რომელიც მონაწილეობდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას“.

„ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია იყოს სენსიტიური თემები. ნამდვილად ყოფილა შემთხვევა, როდესაც სენსიტიური საკითხები და სხვადასხვა რეგულაცია ცუდად ყოფილა გამოყენებული“, – თქვა მან და დასძინა, რომ „ამ საკითხს შესწავლა სჭირდება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button