skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილზე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმიანებიან

ევროპარლამენტმა 15 თებერვალს 577 ხმით 33-ის წინააღმდეგ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს სააკაშვილი და მას უცხოეთში სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცეს. რეზოლუცია შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ისინი არიან პასუხისმგებელნი „უზრუნველყონ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, გაუწიონ მას სათანადო მკურნალობა და პატივი სცენ მის ძირითად უფლებებსა და პიროვნულ ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს, „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილის „ფუნდამენტურ როლს“, რომელიც მან „პირადი შურისძიების“ ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში ითამაშა. ამიტომ, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე იმსჯელონ „საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში“ მის მიერ ნათამაშები როლის გამო.

ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციას „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო საკითხზე მხარეთა განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ:

ქართული ოცნების გამოხმაურება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „საზოგადოება მიეჩვია აბსურდულ ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ ამ აბსურდულ ჩანაწერებს შემდეგ, [მას] არ იზიარებს ხოლმე არც ევროკომისია და არც ევროპული საბჭო. ასე მოხდა წინა ორ შემთხვევაში და ასე მოხდება, დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც. რა სჭირს ევროპარლამენტს, არ ვიცი. მაქსიმალურად ვუფრთხილდებოდით ჩვენ ევროკავშირის ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობდით და აქცენტს ვაკეთებდით კონკრეტულ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ხედავს ყველაფერს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ასეთი გადაწყვეტილება, პირდაპირ ვიტყვი, შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოსაც. მე კარგად მახსოვს 80-იანი წლების ბოლო, მაშინ რაც ხდებოდა, გადაიცემოდა ხოლმე მაშინ საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ, რაც ხდებოდა იგივე მოხდა დღეს და იგივე ხდებოდა წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაში ევროპარლამენტში. ეს არის პირდაპირ კატასტროფა“.

კახა კალაძე – „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი: არაფერი სიახლე რეზოლუციას არ აქვს, არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს. როდესაც სიცრუეზე, სიყალბეზე… ამ რეზოლუციას, რა თქმა უნდა, სერიოზული სახე ვერ ექნება. დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. დოკუმენტი ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს“.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „სამწუხაროდ, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოსთან მიმართებით დეზინფორმაციის და ქვეყანაზე [საქართველოზე] თავდასხმის წყაროდ იქცა. არის ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო იმისთვის, რომ დაიხსნან სააკაშვილი. ამ რეზოლუციაში არის ძალიან ბევრი ფაქტობრივი შეცდომა. მაგალითად, საუბარი იმაზე, თითქოს სააკაშვილი არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტების გამო ციხეში, არადა გელაშვილის საქმეზე მას მისჯილი აქვს 6 წელი, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის. ისინი საუბრობენ უფლებამოსილების გადამეტებაზე, რადგან მათი სურვილია, საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს, შესაძლოა, პოლიტიკურად შეფუთული დანაშაულები იყოს, მაგრამ რას უშვრებიან ადამიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ფაქტს, რაც ჩვენ ვნახეთ?… თვითონ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამას. თვითონ ევროპულმა სასამართლომ არ თქვა გირგვლიანის საქმეზე, რომ სააკაშვილი პირადად იყო ჩართული, რათა აერიდებინა მძიმე სასჯელი დამნაშავეებისთვის? სხვა შეცდომებიც არის“.

არჩილ თალაკვაძე – ქართული ოცნება: „ეს რეზოლუცია არ ასახავს რეალობას, არის გამრუდებული და თუ რამეა პოლიტიკურად მოტივირებული, ზუსტად ეს რეზოლუცია გახლავთ… საქართველოს ეუბნებიან, რომ თქვენ გვერდზე გადადეთ კონსტიტუცია, თქვენი კანონები და იხელმძღვანელეთ [ანდრიუს] კუბილიუსის წესებით. ანუ, ადამიანი, რომელიც კონკრეტულ დანაშაულებზე სასამართლომ გაასამართლა, რომელზეც ასევე ევროსასამართლოს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, საქართველომ უნდა გაათავისუფლოს. ეს არის პირდაპირ ზეწოლა ხელისუფლებაზე“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: „ამ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პირად ვენდეტას ახორციელებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ასევე წერია მისი სანქცირების  შესახებ. ამაზე მეტი, მკაფიო, ევროპულ რეზოლუციაში არ არსებობს დაიწეროს… დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ასეთი დონის რეზოლუციაში შავი თეთრზე წერია პოლიტიკური პატიმრის შესახებ სახელი და გვარი და ეს არის პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი“.

ბადრი ჯაფარიძე – „ლელო საქართველოსთვის“: „ევროპარლამენტი მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია დასავლური/დემოკრატიული სამყაროს მძაფრი უარყოფითი რეაქცია, რაც განსაკუთრებით დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი“.

ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“: „ეს არის კრახი, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის. უნდა მიხვდნენ, რომ ევროპაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, ასე ლაპარაკი არის ცეცხლთან თამაში“.

თეონა აქუბარდია – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი -„რეფორმების ჯგუფი“: „[რეზოლუციაში] ცალსახად ჩანს, რომ პირადი შურისძიება და ძალაუფლების შენარჩუნების შიდაპოლიტიკური ინტერესი „ქართულმა ოცნებამ“  ევროპულ პერსპექტივას ანაცვალა, რაც უმძიმესი მოვლენაა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button