skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე კიდევ ერთმა მოქალაქემ მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 16 თებერვალს საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ ცუდი მოპყრობის შედეგად, რაც ზოგჯერ წამების ტოლფასი იყო, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა), როგორც არსებითად, ისე პროცედურულად. ასევე, არ ჩატარდა ეფექტიანი სისხლის სამართლის გამოძიება. სასამართლომ სახელმწიფოს მოსარჩელისთვის 20 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საქმის არსი

აკაკი ოჩიგავა 2011 წლის ივნისში ქურდობის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით გაასამართლეს. ექიმის თქმით, რომელმაც ოჩიგავა გლდანის ციხეში მიღებისას შეამოწმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

ოჩიგავას საჩივარი გლდანის ციხეში ყოფნის დროს მის მიმართ ცუდ მოპყრობას ეხებოდა. ოჩიგავას თქმით, 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში ციხის 11 თანამშრომელი, რომელთაგანაც რამდენიმეს მაღალი თანამდებობა ეკავა, მას არასათანადოდ ეპყრობოდა.

ოჩიგავას თქმით, მას რეგულარულად სასტიკად სცემდნენ და თვითნებურად ათავსებდნენ სამარტოო საკანში, სადაც არაადამიანური და დამამცირებელი პირობები იყო. ასევე, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. შედეგად, 2011 წლის ნოემბერში ციხის თანამშრომლების მხრიდან განსაკუთრებით სასტიკი ცემის შედეგად, მას ხერხემალი დაუზიანდა და სიარულის უნარი დაკარგა. ოჩიგავა პატიმრობიდან 2014 წელს გაათავისუფლეს.

სასამართლოს დასაბუთება

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ მართალია, მოსარჩელემ არასათანადო მოპყრობის შესახებ სარჩელი ადგილობრივ დონეზე 2012 წლის ოქტომბერში შეიტანა, ადგილობრივ ხელისუფლებას ხუთ წელზე მეტი დასჭირდა დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და ზოგიერთი მათგანისთვის ბრალის წარდგენისთვის. „ეს იყო საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან აუხსნელი უმოქმედობის პერიოდი, რომელიც გრძელდებოდა 2012 წლიდან 2016 წლამდე, რა დროსაც მათ ვერ განახორციელეს სათანადო საგამოძიებო ზომები“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს თქმით, ადგილობრივი სასამართლოების დასკვნებით ცალსახა ხდება, რომ მოსარჩელეს სასტიკად ეპყრობოდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გლდანის ციხის პატიმრებზე სისტემატური და სისტემური ძალადობის პერიოდში.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ არასათანადო მოპყრობის რამდენიმე შემთხვევის გამო ციხის რამდენიმე თანამშრომელი გაასამართლა, მათ ვერ გამოიძიეს რიგი სხვა სერიოზული ინციდენტები, მათ შორის, მოსარჩელის სავარაუდო ცემის ფაქტი 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, რის შედეგადაც მას ხერხემალი დაუზიანდა. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაადგინა ციხის იმ მაღალი რანგის თანამშრომლების როლი, რომლებიც ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ.

იუსტიციის სამინისტროს გამოხმაურება

სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემატურად გამოიყენებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button