
სასამართლომ „საბოტაჟის“ საქმეზე „ლელოს“ ლიდერებს 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო დააკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეზე, თითოეულს, 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისთვის, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა საქმეზე არიან დაკავებულნი, წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩანიშნა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს გირაოს გადახდისთვის 30-დღიანი ვადა აქვთ. ოპოზიციის სხვა ლიდერები წინასწარი აღკვეთის ზომების შესახებ 25 დეკემბერს, 13:00 საათზე შეიტყობენ.
საქმე ეხება რვა ოპოზიციონერ ლიდერს, კერძოდ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს, „ახალის“ ლიდერებს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. მათ ბრალი „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ ედებათ.
This post is also available in: English
