
გამოკითხვა: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტაში 51% „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს ადანაშაულებს
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა საზიანო იქნება, ხოლო 51% ამაში „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს დაადანაშაულებს. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.
გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 78%-მა განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება, 3%-მა ეს სასარგებლოდ მიიჩნია, ხოლო 14%-მა აღნიშნა, რომ ეს არაფერს შეცვლის.
თუ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, გამოკითხულთა 51% ამაში „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დაადანაშაულებს. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ახალგაზრდებსა და თბილისელებში; ამასთან, 13% ევროკავშირს, ხოლო 5% ოპოზიციას დაადანაშაულებს.
გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ 2017 წელს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობის 22%-მა უვიზო მიმოსვლა ერთხელ მაინც გამოიყენა. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია 18-34 წლის ასაკის ადამიანებში (33%) და უფრო დაბალია საშუალო ასაკის რესპონდენტებში (23%) და ხანდაზმულებში (12%).
გამოკითხვამ ასევე აჩვენა ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ძლიერი მხარდაჭერა, სადაც საქართველოს მოსახლეობის 78% მხარს უჭერს ამას – 58% სრულად უჭერს მხარს გაწევრიანებას, ხოლო 20% უფრო მეტად ემხრობა, ვიდრე წინააღმდეგია.
This post is also available in: English