ახალი ამბები

ოპოზიცია ევროკომისიის რეკომენდაციებზე მმართველი პარტიის მუშაობას აკრიტიკებს

საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა 5 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკომიიის 12 რეკომენდაციის შესრულება, კანდიდატის სტატუსის მიღება და ევროკავშირის წევრობა არის „საქართველოს ისტორიული შანსი და მთავრი ამოცანა“.

მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების მიღებისთანავე 3 კონკრეტული დათქმა დააყენა, რომელიც „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თქმით, დეოლიგარქიზაცია შეეხება არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და  კრიტიკული მედიის დამფუძნებლებს.

მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში „კლანის არსებობას და პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, ხოლო სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით ცდილობს“.

ოპოზიციამ შეშფოთება გამოხატა დეპოლარიზაციის თაობაზე რეკომენდაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული და უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე, ხოლო „დეპოლარიზაციად მიაჩნია ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება“.

ამ კონტექსტში, განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ „ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით წამოიწყო საინფორმაციო შეტევა პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე,  არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ელჩებზე, აშშ და ევროკავშირის ინსტიტუტებზე იმ საბაბით, რომ თითქოს ყველა ზემოაღნიშნულს სურდა საქართველოში ომის დაწყება და მეორე ფრონტის გახსნა“.

ამავე განცხადების თანახმად, მმართველომა პარტიამ „უხეშად შეზღუდა დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები-ISFED)  მონაწილეობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში“.

განცხადების თანახმად, რეკომენდაციების მიღებისთანავე ოპოზიციამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა მოითხოვა საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებისა და კონკრეტული მიმართულებით მუშაობის დასაწყებად. „სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარები“, რის გამოც ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს „ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოგვიწია სამუშაო პროცესის დაწყება საჭირო ინიციატივების მოსამზადებლად“.

მათივე თქმით, არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით მათ ევროპული რეკომენდაციების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივები მოამზადეს, რომლებიც „თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს“.

ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივების საბოლოო შეჯერების შემდეგ მოხდება დოკუმენტის გასაჯაროება და  შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება საქართველოს პარლამენტში სექტემბრის ბოლომდე.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, რისთვისაც მზად ვართ ავიღოთ პასუხიმგებლობა ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივებზე და მხარი დავუჭიროთ ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button