ახალი ამბები

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე თბილისს სტუმრობს

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა თბილისს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავებაზე იმსჯელეს, ასევე არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც მიმოიხილეს და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელეს.

ამასთან, არსებული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების შემდგომი განვითარების მნიშვნელობა აღნიშნეს, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით.

ამ კონტექსტში მათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP) ახსენეს.

შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკისადმი. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

ასევე 19 აპრილს ,აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ შეხვედრაზე მათ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილისვე თქმით, მათ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და რეგიონში არსებული დაძაბული ვითარება განიხილეს.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“.

აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თან ახლავან – დეპუტატები არზუ ნაგიევი, ვუგარ ისგანდაროვი, კამალადინ გაფაროვი, ჯავიდ ოსმანოვი, ეტიბარ ალიევი, ფაზაილ აგამალი, საბირ რუსთამხანლი და ნაგიფ ხამზაევი.

აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ვიზიტს 20 აპრილს დაასრულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button