Placeholder canvas
ახალი ამბები

გახარიამ თურქეთში TANAP-ის პროექტის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 30 ნოემბერს თურქეთს ესტუმრა, სადაც ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის (TANAP) მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაში, რომელიც თურქეთის ქალაქ იფსალაში გაიმართა, გახარიასთან ერთად თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმაც მიიღეს მონაწილეობა.

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP), რომელიც აზერბაიჯადან საქართველოს გავლით თურქეთისკენ მიდის, აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს. TANAP-ის პროექტი, სამხრეთ კავკასიის მილსადენთან და ტრანსადრიატიკულ მილსადენთან ერთად სამხრეთის გაზის დერეფნის ერთიან სისტემას ქმნის.

TANAP-ის მილსადენი წლიურად 6 მლრდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს გაატარებს თურქეთის მიმართულებით და დამატებით 10 მლრდ კუბურ მეტრს – ევროპის მიმართულებით. მილსადენი ტრანსადრიატიკულ მილსადენს დაუკავშირდება, რომელიც წლიურად 10 მლრდ კუბურ მეტრი გაზის ტრანსპორტირებას განახორციელებს საბერძნეთში, ალბანეთსა და იტალიაში.

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის მარშრუტი. წყარო: www.tanap.com

პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შაბათს Twitter-ზე დაწერა, რომ TANAP-ის ევროპასთან დამაკავშირებელი ნაწილის ინაუაგურაციის ცერემონია „ახალი ეტაპია ევროპის ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში“. „ეს პროექტი მეტ შესაძლებლობებს მოუტანს ჩვენ ხალხს და გაზრდის ჩვენი რეგიონის, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგოდერეფნის როლს“, – დაწერა გახარიამ.

მოგვიანებით გახარიამ აღნიშნა, რომ „ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას“. მისი თქმით, TANAP-ის პროექტი პასუხობს საქართველოს მთავრობის „უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს,“ რომელთა შორისაა „სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის უსაფრთხოება“.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად დღევანდელი ღონისძიების ჩატარება, როდესაც TANAP-ის პროექტი უკვე მივიდა ევროპის საზღვრებზე და აძლებს საშუალებას აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების ევროპის ბაზრებზე, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, 6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ. „მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს“, – განაცხადა პრესსამსახურმა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა ღონისძიებაზე გამოსვლისას, რომ პროექტი მონაწილე ქვეყნებს შორის „ღრმა ფესვების მქონე მეგობრობის სიმბოლოა“ და რომ ისინი განაგრძობენ სწრაფვას „სამართლიანობისკენ, სტაბილურობისა და რეგიონული თანამშრომლობისკენ“.

„TANAP-ი, რომლის ევროპასთან დამაკავშირებელ ნაწილსაც დღეს ვხსნით, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი ხედვის ყველაზე კონკრეტული ნიშანია. იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო დღის წესრიგი ფოკუსირებულია სავაჭრო ომებზე, ტერორზე, ქუჩის ინციდენტებსა და არასტაბილურობაზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკავშირებთ ევროპას აზიასთან TANAP-ის საშუალებით“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button