Placeholder canvas
ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და ინვესტიციების საკითხებზე იმსჯელეს.

ამავე ინფორმაციით, დავითაშვილმა ალიევთან ასევე ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს გააჩნია გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მიღწეულია შეთანხმება სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე.

მისი თქმით, ორ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ სატრანსპორტო ინფრასქტრუქტურის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული ბევრი ერთობლივი პროექტი განახორციელოს.

საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით 14-15 აპრილს სტუმრობს.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – გურამ გურამიშვილი და რომეო მიქაუტაძე; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, იოსებ ტყემალაძე; საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე; ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი, გიორგი ბახტაძე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button