ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი სააკაშვილის „სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში“ დაუყონებლივ გადაყვანას ითხოვს  

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყონებლივ მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება „სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“. მისი თქმით, „ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, ასევე უზრუნველყოს მათი სამედიცინო კეთილდღეობა და უსაფრთხოება“.  

9 ნოემბერს, ქალაქ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა დეგნანმა სახალხო დამცველის აპარატის ცნობა დაიმოწმა, რომლის თანახმადაც, გლდანის ციხის საავადმყოფო საკმარისად კარგად აღჭურვილი არაა მოშიმშილე ექს-პრეზიდენტისთვის სათანადო მკურნალობის გასაწევად. სააკაშვილის ექიმთა კონსილიუმზე დაყრდნობით კი, მან აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მაღალი რისკის მქონე პაციენტია.  

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ბატონ სააკაშვილსაც, გაითვალისწინოს საკუთარი ექიმების რეკომენდაცია და დათანხმდეს მისთვის საჭირო სამედიცინო მკურნალობას“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „სიტუაცია ძალიან სენსიტიური და ემოციურია“.  

დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტში პრიორიტეტული სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვაა. „ჩვენი მტკიცე  რეკომენდაციაა მთავრობისთვის, რომ უზრუნველყოს მისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა“, – დასძინა ელჩმა.  

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაპატიმრებულ ექს-პრეზიდენტს „სამართლიანად და ღირსეულად უნდა მოექცნენ, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.  

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყონებლივ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში“, – თქვა აშშ-ის ელჩმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button