skip to content
ახალი ამბები

კელი დეგნანი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის სამიზნე სადამკვირვებლო მისიებია

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 18 აპრილს განაცხადა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიზანი შესაძლოა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების შეზღუდვა იყოს. დეგნანი სიტყვით გამოვიდა ბოლონიის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში გამართულ საპანელო დისკუსიაზე სახელწოდებით „საქართველო – ბრძოლა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“.

კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ გასული წელი ადგილობრივი დამკვირვებლების, მათ შორის „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დისკრედიტაციაში გაატარა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს ჩაახშოს განსხვავებული აზრი, რათა არავინ დარჩეს, ვინც „გააკრიტიკებს ან კომენტარს გააკეთებს ოქტომბრის [საპარლამენტო] არჩევნების სამართლიანობაზე“.

მისი თქმით, მართალია საქართველომ წლების განმავლობაში „შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია“ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ისინი ჯერ კიდევ „მყიფეა“ და „ამჟამინდელი ხელისუფლების თავდასხმის ქვეშ“ იმყოფებიან. ეს უკანასკნელი „ცდილობს შეცვალოს ზოგიერთი რეფორმა, რომელიც თამაშის თანაბარ პირობებს შექმნიდა“ და „ინტენსიურ ზეწოლას“ ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების ხელში ჩასაგდებად.  

დეგნანმა ასევე ისაუბრა „ენდემურ“ კორუფციაზე „ძირითადად მაღალ დონეზე“, რა დროსაც „მოსამართლეთა კლანი“ ახსენა”, რომელიც, მისი თქმით, შეუცვლელია იმ ჯგუფისთვის, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფება. დეგნანის თქმით, ისინი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც სარგებლობდნენ გავლენით. მან განაცხადა, რომ ხელისუფლების კონტროლი სასამართლო სისტემაზე ასევე აფერხებდა ამერიკულ ინვესტიციებს, რადგან კომპანიებს ბიზნეს დავის შემთხვევაში გამარჯვების ან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ ჰქონდათ.

„საქართველოს თავისი ოლიგარქი ჰყავს“

„ამრიგად, საქართველოში, სადაც მმართველი პარტია აკონტროლებს პარლამენტს, სასამართლო სისტემას და მთავრობას, პრეზიდენტი არის უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი“, – განაცხადა დეგნანმა, რომლის თქმითაც, ქართული ოცნება „ძალიან ეფექტური შიშისმომგვრელი“ აღმოჩნდა, რომელიც „ძალიან მწვავედ ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაც [მიხეილ] სააკაშვილთან არის დაკავშირებული“.

დეგნანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დამოუკიდებელია ქმედებებში, იქნება ეს, „ლობირება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის […] თუ ევროპული მომავლისთვის გაერთიანების ინიციატივა“.

დეგნანის თქმით, “სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს თავისი ოლიგარქი ჰყავს, რომელიც აპირებს შეინარჩუნოს სტატუს-კვო, რაც მის სასარგებლოდ მუშაობს”.

ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია“ იმ ფაქტით, რომ მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, რადგან ამგვარად ყველა ინსტიტუტი მმართველი პარტიის კონტროლს დაექვემდებარება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არ არის დემოკრატია“.

დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ „ძალიან მყიფე“ და „არაპროგნოზირებადია“, თუმცა დასძინა, რომ „ოპოზიციამაც ისწავლა რაღაც ამ ძალიან რთულ პერიოდში“. იგი დაინტერესდა „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იქნება თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ალტერნატივის ნაწილი“.

დადებითი განწყობა ქართველებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ

კელი დეგნანმა რამდენიმე დადებითი განცხადება გააკეთა სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიისადმი ერთგულების შესახებ.

„სამოქალაქო საზოგადოება წელს ბევრად უკეთაა ორგანიზებული „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების წინააღმდეგ, ვიდრე ეს შარშან იყო”, – განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, რომ „სამოქალაქო საზოგადოებამ ისწავლა როგორ გაერთიანდეს და რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს, როდესაც ერთად მუშაობენ, როცა გარკვეულ პარამეტრებს იცავენ და ზედმეტად არ ერთვებიან პოლიტიკაში“.

მან ქართველი ხალხიც შეაქო და მათ „თავისუფლებისმოყვარე“ უწოდა, რომელიც საბოლოოდ „კმარა“ ეტყვის მთავრობას. თუმცა, აშშ-ს ელჩი არაა დარწმუნებული, რა გამოიწვევს ამას: უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც, მისი აზრით, შეიძლება იყოს „კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები“, ან „სულ სხვა რაღაც“.

კელი დეგნანი 2020 წლიდან 2023 წლამდე იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში. ამჟამად იგი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button