skip to content
ახალი ამბები

119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშით გაათავისუფლეს

გლდანის რაიონის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის აწ უკვე ყოფილმა შემსრულებელმა, თეა ბრეგვაძემ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ წინა დღით თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ბრეგვაძის თქმით, იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ გლდანის რაიონის გამგებლობის კანდიდატად დასახელებული თენგიზ გიორგაძის დეიდა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

ბრეგვაძემ განმარტა, რომ იგი დირექტორის მოვალეობას ერთი წელი ასრულებდა და გუშინ, არჩევნების მეორი ტურის წინ, მოულოდნელად გადაწყდა, რომ სკოლაში მოვალეობის ახალ შემსრულებლად ქართული ოცნების „გულმხურვალე მხარდამჭერი“, თამარ თაბუაშვილი ინიშნება, რომელიც მითითებებს „პირნათლად“ შეასრულებს.

ბრეგვაძის მტკიცებით, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო იგი ამ თანამდებობაზე ხელისუფლებისთვის ყოველთვის „არასასურველი წარმომადგენელი“ იყო, რის გამოც „ოცნების კანდიდატი სურდათ შემოეყვანათ სკოლაში… სკოლა უნდათ გახადონ მართული“.

119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლებას პედაგოგთა და მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. დღეს, სკოლაში დროებით შეჩერებული იყო სასწავლო პროცესიც.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა განაცხადა, რომ თეა ბრეგვაძე საკუთარ მოვალეობას „პირნათლად“ ასრულებდა და განათლების სამინისტრომ მისი გათავისუფლების მიზეზი და საფუძველი უნდა განმარტოს.

„თეა ბრეგვაძე ასრულებდა თავის მოვალეობას პირნათლად და პოლიტიკური ნიშნით გაათავისფულეს თანამდებობიდან“, – თქვა ასევე „ფორმულასთნ“ საუბარში სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა.

თანამდებობიდან თეა ბრეგვაძის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება „კატეგორიულად“ უარყო განათლების სამინისტრომ და თქვა, რომ ეს არის „ტყუილი“. უწყებამ ისიც დააზუსტა, რომ თეა ბრეგვაძე არა დირექტორი, არამედ დირექტორის მოადგილე იყო, რომელიც დირექტორის მოვალეობას გასულ წელს, ამავე სკოლის დირექტორის, პაატა რაზმაძის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ასრულდება.

„ამდენად, თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა სამინისტრომ და ხაზი გაუსვა, რომ „კატეგორიულად მიუღებელია“ განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანისგან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა „პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“.

მოგვიანებით, განათლების სამინისტროს განცხადებას თეა ბრეგვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში უპასუხა და თქვა, რომ თუკი მის გათავისუფლებაში პოლიტიკური მოტივი არ არის, მაშინ განათლების უწყებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ რატომ იყო მისი სახელი და გვარი ერთი თვის წინ, სავარაუდოდ, სუს-დან გამოჟონილ ფაილებში ნახსენები და რატომ იყო სუსი მისი მოსმენით დაინტერესებული.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ დღეს სკოლაში არც რესურსცენტრის წარმომადგენელი გამოჩენილა და არც თავად ახლადდანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მისულა. ბრეგვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ განათლების უწყება არ გასცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ ინიშნება მოვალეობის ახალი შემსრულებელი მაშინ, როდესაც ისინი მოთხოვნებს თანაბრად აკმაყოფილებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button