ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ 24 ივნისს ბრიუსელში „ერთიანობის დეკლარაციას“ მოაწერა ხელი. დეკლარაციაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გეგმებია ასახული. პარტიები აცხადებენ, რომ ისინი ერთიანდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიისა“ და მისი პრინციპების გარშემო. მათი თქმით, არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, ისინი გამონახავენ ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას ერთიანობისა, რომელიც „ყველაზე ეფექტური იქნება არჩევნებში გამარჯვებისა და არჩევნების შემდეგ საჭირო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით“.
დეკლარაციას ხელს აწერენ: გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. პარტიები სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ, შემოურთდნენ დეკლარაციას.
ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავენ ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის ქმედებებით, რომელიც „ემორჩილება ამავე ოლიგარქს და უგულებელყოფს დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ“. ისინი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანებას აანონსებენ და აცხადებენ, რომ გაერთიანდებიან მომავალი არჩევნებისთვის, რათა შევიდნენ პარლამენტში და საჭირო რეფორმები განახორციელონ. პარტიები პირობას დებენ, რომ გაათავისუფლებენ ქვეყანას ოლიგარქიისაგან და „ქართული ოცნების“ მმართველობისგან და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დააბრუნებენ.
პარტიები პირობას დებენ, რომ გაცხადებული მიზნების მისაღწევად, გაერთიანებისა და არჩევნების მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ამას გააკეთებენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად. დეკლარაციის ხელმომწერები პირობას დებენ, რომ:
- გააძლიერებენ ძალისხმევას მოახლოებულ არჩევნებამდე, იმისათვის, რომ არ დაიკარგოს არც ერთი საარჩევნო ხმა, რადგან 5% ბარიერის გადალახვა არ წარმოადგენდეს პრობლემას;
- არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, გამონახავენ ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას ერთიანობისა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება არჩევნებში;
- ეთიკური ფარგლების დაცვით გააგრძელებენ ქვეყნის წინაშე მდგომი საკითხების განხილვას და მოერიდებიან ერთმანეთზე თავდასხმებს არჩევნებამდე და მის შემდეგ;
- ერთიანი ძალისხმევით დავუპირისპირდებიან ქართული ოცნების პროპაგანდას;
- შეთანხმდებიან ერთიანი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე არჩევნების შემდგომ, „ქართული ქარტიაში“ მოცემული პუნქტების შესასრულებლად;
- აიღებენ ვალდებულებას, რომ ახალ პარლამენტში არ მისცემენ ხმა ისეთი მთავრობის ფორმირებას, რომელშიც ქართული ოცნება მიიღებს მონაწილეობას;
- საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერენ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატს;
- სტრატეგიული პოლიტიკური მიზნებისა და საქმიანობის გარშემო გაერთიანდებიან საპროტესტო სამოქალაქო მოძრაობებთან და აქტივისტებთან, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან დემოკრატიის დასაცავად და საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად;
- მოუწოდებენ და მობილიზებას გაუკეთებენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ამომრჩევლების მაქსიმალურ მონაწილეობას არჩევნებში და სთხოვენ პარტნიორ ქვეყნებს არსებული პროცესის ხელშეწყობას;
- შეთანხმდებიან ძალისხმევის გაერთიანებაზე, რათა დაიცვან ყველა საარჩევნო ხმა და ხელი შეუშალონ არჩევნების გაყალბებას;
- სთხოვენ დასავლელ პარტნიორებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებში, რადგან ამის შესაძლებლობა შეიძლება გამიზნულად შეიზღუდოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ;
- მოუწოდებენ ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციებს, უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვება.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/06/2024 – ოპოზიციურმა პარტიებმა ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს
- 27/05/2024 – ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)