skip to content
ახალი ამბები

განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი ახალ მინისტრად 2 ოქტომბერს ოფიციალურად წარადგინა.

წულაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს დანიშვნისთვის და განაცხადა: „განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით, ასევე, სწორი სვლით, შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“.

განათლების მინისტრად დანიშვნამდე ალექსანდრე წულაძე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო. აკრედიტაციის საბჭო, რომელმაც გასულ კვირას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სადავო „პირობითი  აკრედიტაცია“ მისცა, სწორედ იმ ცენტრს ექვემდებარება, რომელსაც წულაძე ხელმძღვანელობდა.

2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე ალექსანდრე წულაძე საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. მანამდე 2019 წლიდან 2023 წლამდე იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.

გარდა ამისა, ალექსანდრე წულაძის სამუშაო გამოცდილება ასეთია: იურიდიული კომპანია CLL-ის მმართველი პარტნიორი (2017-2019); იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი (2015-2017); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი (2012-2015); საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი (2011-2012).

ალექსანდრე წულაძე პროფესიით იურისტია. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორია (2016).

ყოფილმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობა 28 სექტემბერს დატოვა და კერძო სექტორში გადავიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button