skip to content
ახალი ამბები

განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ოთხწლიანი ყოფნის შემდეგ კერძო სექტორში აპირებს დაბრუნებას.

„როგორც პრემიერ-მინისტრს ასევე ჩვენი გუნდის ლიდერებს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა 4 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდგომ ისევ დავბრუნებულიყავი კერძო სექტორში და იქიდან გამეგრძელებინა ჩვენი გუნდის მხარდაჭერა – შესაბამისად, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავტოვო მინისტრის თანამდებობა“, – განაცხადა ამილახვარმა 28 სექტემბერს.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ პარტიას პოლიტიკის მიღმა ყოფნისას კვლავ დაუჭერს მხარს. „ვრჩები ჩვენი პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდობიანი და მყარი განვითარება“, – დასძინა მან.

„გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ამილახვარის შემცვლელი ჯერჯერობით არ დასახელებულა.

გიორგი ამილახვარი „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს შეუერთდა. ის იყო „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პარტიული სიით და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ მსახურობდა. 2023 წლის მარტში ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა მინისტრმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დატოვა თანამდებობა და ამის მიზეზად არჩევნებში მონაწილეობის გეგმები დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button