skip to content
რესპუბლიკის ამბები

30 იანვარი, 1921: მოქალაქეები საქართველოს იურიდიულად აღიარებას აღნიშნავენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 1 თებერვალი, N23

ქუჩებში

ქუჩებში ამ დროს ცივი ქალი ჰქროდა და ნელნელა თოვდა კიდეც. დამფუძნებელი კრებიდან დაწყებული მანიფესტაცია მოსიარულეთათვის მოულოდნელი ამბავი იყო. მანიფესტაცია რუსთველის პროსპექტით გაემართა მთავრობის სახლისკენ.

პირველი მიტინგი გაიმართა მუშათა სასახლის წინ [დღევანდელი სასტუმრო თბილისის მარიოტის წინ – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა ილაპარაკეს სოციალისტ-ფედერალისტებიდან გიორგი ლასხიშვილმა და სამსონ დადიანმა.  მთავრობის სახლის წინ დიდძალი საზოგადოება შეგროვდა. სახლები და მაღაზიები უკვე შეემკოთ დროშებით. აქ ილაპარაკა პავლე საყვარელიძემ.

აქედან მრავალრიცხოვანი მანიფესტაცია დაიძრა უკანვე, დამფუძნებელი კრებისაკენ. სასახლის წინ მოედანი ხალხით გაიჭედა. ქუჩებში გამოჩდენ სახალხო გვარდიის ცხენოსანი და ქვეითი ნაწილები, ჯარის ნაწილები მუსიკით, მუშების ჯგუფი – წითელი დროშებით.

სასახლის წინ სიტყვა დაიწყო სამსონ დადიანმა. ცოტა ხნის შემდეგ დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის აივანზე გამოჩდნენ კრების პრეზიდიუმის წევრები – ალექსანდრე ლომთათიძე და ექვთიმე თაყაიშვილი, მთავრობის წევრები: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, გრიგოლ ლორთქიფანიძე და სხვები.

ხალხში გაისმა მძლავრი „ვაშა“-ს ძახილი, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი ტაში. სამსონ დადიანის სიტყვის დამთავრების შემდეგ მთავრობის სახელით ლაპარაკობს ნოე რამიშვილი.

ნოე რამიშვილის სიტყვა

მოქალაქენო! მოგილოცავთ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ბრწყინვალე გამარჯვებას. ჩვენ, ვისაც ხალხის ნებისყოფობამ მოგვანდო რესპუბლიკის მართვა-გამგეობა, მტკიცეთ დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს გამარჯვება თავიდანვე უზრუნველყოფილი იყო. ამის თავდებს ჩვენ ვხედავდით ქართველი ერის მოქმედებასა და თვით შეგნებაში, მის საბოლოო გადაწყვეტილებაში შეიქმნა დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. დღეს ჩვენი დაუძინებელი და მოსისხლე მტრებიც ხედავენ და დარწმუნდებიან, რომ საქართველოს ხალხის მიერ შექმნილი სახელმწიფოს წაქცევა გარეშე თავდასხმით შეუძლებელი საქმეა. ამის თავდებია ჩვენი სამხედრო ძალა, ჯარი და სახალხო გვარდია, რომელიც შექმნა ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა დემოკრატიამ და რომელიც რკალივით არტყია ჩვენს რესპუბლიკას და ჩვენ ღრმათ ვართ დარწმუნებული, რომ ვერავითარი გარეშე ძალა ვერ გადმოლახავს ქართველი ერის შვილთა მიერ შემოკავებულ ჩვენს საზღვრებს.

მოქალაქენო! ჩვენი მტრები იმედოვნებენ და ეს იმედი ალბათ ჯერაც არ დაუკარგავთ, რომ ისინი შესძლებენ საქართველოს რესპუბლიკის შიგნიდან აფეთქებას, ჩვენი ოფლით და სისხლით შექმნილი სახელმწიფო წყობილების დაფუშვას.

ისინი იმედოვნებენ, რომ მრავალი დაბრკოლება, რომელიც ჩვენს წინაშე დგას ჩვენ სახელმწიფოს შეაერთებს. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვაღიარებ, რომ ჩვენი გამარჯვება შინაურ დაბრკოლებათა დასაძლევათ სავსებით უზრუნველყოფილია. ამის თავდებია ჩვენი გათვიცნობიერებული ხალხი, რომელსაც შეცდომაში ვერ შეიყვანს ვერავითარი მტერი და რომელიც ნაცადი გზით განაგრძობს მტკიცე სახელმწიფო ორგანიზმის აგებას.

მოქალაქენო! სამი წელიც არ გასულა რაც ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო მოეწყო. ამ ვადაში საძნელოა ოჯახის მოწყობაც კი და რაღა უნდა ითქვას თვით სახელმწიფოებრივ ცხოვრების მოწესრიგებაზე. მიუხედავათ ამისა, ქართველმა ხალხმა მოიპოვა არა ერთი და ორი გამარჯვება ამ მცირე ხნის განმავლობაში და ის სრული იმედით შეცქერის მომავალს, ის ჩვენთან ერთად დარწმუნებულია, რომ მისი მომავალი უზრუნველყოფილია, რომ მტერთა ოინებს ჩაფუშავს, რომ ძლევამოსილი ჯარისა და სახელოვანი გვარდიის წყალობით მისი საზღვრების დაცვა უზრუნველყოფილია და ჩაყრილი მტკიცე საფუძველი შინაურ ცხოვრების მოსაწესრიგებლათ და ბედნიერების სამეფოს ასაგებათ.

მოგილოცავთ მთავრობის სახელით ბრწყინვალე გამარჯვებას და გამოვთქვამ მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს განვითარება და მომავალი მრავალ ასეთ გამარჯვებას გვიქადის (ხანგრძლივი ტაში და „ვაშა“).

მსგავსი/Related

Back to top button