მთავრობა საპატრიარქოს უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს
საქართველოს მთავრობა წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტს 2 მილიონ ლარს გამოუყოფს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს მოაწერა ხელი.
წმ. ანდრიას უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც საპატრიარქოს უნივერსიტეტი, არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს, დაწყებული სოციალური მეცნიერებებით და დამთავრებული კომპიუტერული მეცნიერებით. თუმცა, უნივერსიტეტი თავისი რელიგიური სულისკვეთებითაა ცნობილი, რადგან ის 2008 წელს საქართველოს საპატრიარქომ დააარსა. ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი), რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერი პოზიციით, ანტი-დასავლური განცხადებებითა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობრივი მოწოდებებითაა ცნობილი, არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში.
მთავრობის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უპირატესობის მინიჭება და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ზღვარის წაშლა სეკულარული სახელმწიფოს დამცველთა შეშფოთების წყარო გახდა. 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის შეღავათების მინიჭება. ზემოთხსენებული ნაბიჯი ასევე საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც სულ მალე ქვეყანაში გადამწყვეტი არჩევნები ჩატარდება. ეს ტრადიციულად ის პერიოდია, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ პრეფერენციული დამოკიდებულება უფრო გამოხატული ხდება.
„[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია] არამხოლოდ ფლობს რიგ უპირატესობებს სხვა სამოქალაქო აქტორებთან შედარებით, არამედ აქტიურადაც მონაწილეობს საზოგადოებასა და სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში“, – განაცხადა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა სალომე მინესაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ.
მარტში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად 2024 წლის ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარი გამოიყო, დამატებით იმ 25 მილიონიანი დაფინანსებისა, რომელსაც საპატრიარქო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/04/2024 – გადამწყვეტი კენჭისყრის წინ ეკლესია მმართვალი პარტიის პოლიტიკას იწონებს
- 08/06/2020 – „საია“: მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის საკუთრებაში გადაცემა „დისკრიმინაციულია“
- 04/07/2018 – საკონსტიტუციო სასამართლომ საპატრიარქოსთვის შეღავათების მინიჭება არაკონსტიტუციურად ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)