ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებელ სამთავრობო გეგმას აკრიტიკებს

9 იანვარს, ათი არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმას საერთო განცხადებით გამოეხმაურა. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობასთან ერთად მიიღო. არასამთავრობოების განცხადებით, დოკუმენტის დამტკიცება “პოზიტიური ნაბიჯია,” თუმცა პროცესი მათი ჩართულობის გარეშე წარმიმართა, ხოლო საკუთრივ გეგმის შინაარსი არაერთი მიმართულებით საჭიროებს დაზუსტებას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მათი და ოპოზიციის მინიმალური ჩართულობაც კი არ იყო უზრუნველყოფილი. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, სამოქალაქო სექტორის ჩართვა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ სამოქამედო გეგმა მხოლოდ 2023 წლის 25 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ იმავე წლის 27 ნოემბერს იყო დამტკიცებული ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ.

სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლებმა ასევე ყურადღებას ამახვილებენ პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ნაკლებობაზე, და აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესი უგულებელყოფს არსებით ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის, რითაც ამცირებს პარლამენტის როლს.

გეგმის შინაარსთან დაკავშირებით, არასამთავრობ ორგანიზაციები აკრიტიკებენ დოკუმენტის ფართო და ზოგად ხასიათს. მათი შეფასებით, გეგმა არ შეიცავს არსებულ თუ სამიზნე ინდიკატორებს და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები ეფუძნებოდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას. ამავდროულად, სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საფარი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button