skip to content
რესპუბლიკის ამბები

1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

გაზ.  საქართველო, 1920 წლის 1 სექტემბერი, N88

მესხეთ-ჯავახეთი

  1. მესხეთ-ჯავახეთის სკოლების შეკეთება

განათლების სამინისტრომ გაუხსნა ახალციხის სამაზრო ერობას ერთი მილიონი მანეთის კრედიტი მესხეთის სკოლების შენობათა შესაკეთებლად ერობა უკვე შეუდგა სამინისტროსაგან სკოლების ჩაბარებას.

დაახლოებით ამდენივე თანხაა საჭირო ჯავახეთის სკოლების შესაკეთებლად. აქ (ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში) შესაკეთებელი და განსაახლებელია 27 სკოლა. თითქმის სრულად განადგურებულია სომხური სოფლების სკოლები. ადგილობრივის სასოფლო ადმინისტრაციის მეცადინეობით თათრების წასვლის შემდეგ სკოლებისათვის სოფლელებს დაურბევია, რომელთაც ჭერ-იატაკი და ხის ავეჯეულობა საწვავ მასალად უხმარიათ. განსაკუთრებით განადგურებულია არაკვას, ალასტანის და დილისკას სასკოლო შენობები. სშედარებით კარგად არის დაცული ქართული სკოლები – ბარათელში, ქალდასა, ჩეჩხში და სხვაგან. ამათზე უკეთ შენახულია რუსული სკოლები დუხობორებში, სადაც მხოლოდ ზოგიერთ ფანჯარაში რამდენიმე შუშაა ჩამტრეული.

სკოლების შესაკეთებლად ადგილობრივი სასკოლო და სამაზრო ადმინისტრაცია უკვე შეუდგა სახაზინო ტყეებიდან ხის მასალის გამოტანას, რომელიც გროვდება ახალქალაქში, ბარალეთსა და ალასტანში შენობათა და ავეჯეულობის დასამზადებლად.

  • სკოლების რიცხვი მესხეთ-ჯავახეთში

გასულ სასწავლო წლის განმავლობაში ახალციხესა და მის მაზრაში მოქმედებდა სულ 14 სასწავლებელი. ამათში 5 იყო ქალაქში, 9 მაზრაში. ქალაქში სულ არსებობს ერთი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი ქართულ-სომხური კლასებით; 4 დაწყებითი: ქართული, სომხური და ქართველ-მუსულმანთა. მომავალი სასწავლო წლიდან მაზრაში გაიხსნება კიდევ 10 დაწყებითი სკოლა.   

ჯავახეთში (ახალქალაქის მაზრა იყო მხოლოდ 4 სკოლა: ორი ახალქალაქში, მათში ერთი უმაღლეს დაწყებითი და ერთიც დაწყებითი ქართულ-სომხურ განყოფილებით. ორიც იყო მაზრაში – ქართული და რუსული დუხაბორების. მომავალის ასწავლო წლიდან ახალქალაქში გაიხსნება უმაღლეს დაწყებით სკოლასთან სომხური განყოფილებებიც, ხოლო მაზრაში – ოცამდე დაწყებითი სკოლა.

  • საჭიროა მასწავლებლები

მესხეთ-ჯავახეთში საჭიროა დაწყებითი სკოლის მასწავლებლები. ვისაც ჰსურს მესხეთში მასწავლებლობის ადგილის მიღება, უნდა მიჰმართოს ახალციხეში სამაზრო ერობას, ხოლო ვისაც ჯავახეთში ჰსურს სამსახური, უნდა ახლავე განაცხადონ განათლების სამინისტროში სადაც პირობების შესახებაც შეიძლება მოლაპარაკება დაბალ-სკოლათა მართვა-გამგესთან.

მსგავსი/Related

Back to top button