skip to content
ახალი ამბები

საქართველო PISA-ს 2022 წლის ანგარიშში

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამამ (PISA) 5 დეკემბერს ანგარიში გამოაქვეყნა მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში 15 წლის მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების შესახებ. PISA-ს შედეგები უზრუნველყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ამზადებენ საგანმანათლებლო სისტემები მოსწავლეებს რეალურ ცხოვრებაში გამოწვევებთან გასამკლავებლად და მომავალი წარმატებისთვის.

PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგრამა, რომელიც კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში 15 წლის ადამიანების ცოდნასა და უნარებს აფასებს მსოფლიოს მასშტაბით.   

2022 წლის შეფასებაში მონაწილეობდა 81 ქვეყნის დაახლოებით 690 000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს, დაახლოებით, 29 მილიონ 15 წლის მოზარდს. საქართველოდან შეფასებაში მონაწილეობდა 267 სკოლის 6 583 მოსწავლე (40 400 15 წლის მოზარდი).

ძირითადი ტენდენციები

საქართველოში 2022 წლის საშუალო შედეგები დაახლოებით იგივე იყო, რაც 2018 წელს მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. მცირე ცვლილებები კვლავ შესამჩნევია:

  • კითხვაში 2018 წელს არსებული 380 ქულა ექვსი ქულით შემცირდა და 2022 წელს 374 შეადგინა;
  • მათემატიკაში 2018 წლის 398-ქულიანი შედეგი რვა ქულით, 2022 წელს 390-მდე შემცირდა;
  • საბუნებისმეტყველო საგნებში 2018 წლის არსებული 383 ქულა ერთი ქულით გაიზარდა და 2022 წელს 384-ს მიაღწია.

თუმცა, მოსწავლეებმა საქართველოში მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში OECD-ის საშუალოზე ნაკლები ქულები მიიღეს.

  • კითხვაში ქართველმა მოსწავლეებმა 374 ქულა დააგროვეს, ხოლო OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 482-ია;
  • მათემატიკაში ქართველმა მოსწავლეებმა 390 ქულა მიიღეს, OECD-ის საშუალო მაჩვენებელი კი 480 ქულაა;
  • საბუნებისმეტყველო საგნებში ქართველმა მოსწავლეებმა 384 ქულა დააგროვეს, ხოლო OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 491-ია.

რა ნიშნავს ეს რიცხვები?

ქართველი მოსწავლეების მხოლოდ 34%-მა მიაღწია მათემატიკის ცოდნის მე-2 დონეს (რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ – 69% ), რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების მხოლოდ 34%-ს შეუძლია „სულ ცოტა ინტერპრეტაცია და ამოცნობა, პირდაპირი მითითებების გარეშე, როგორ შეიძლება მარტივი სიტუაციის მათემატიკურად წარმოდგენა“.

ქართველი მოსწავლეების მხოლოდ 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს (OECD საშუალოდ 74%), რაც იმას ნიშნავს, რომ „ამ მოსწავლეებს, მინიმუმ, შეუძლიათ მთავარი აზრი გამოიტანონ საშუალო სიგრძის ტექსტიდან, იპოვონ ინფორმაცია მკაფიო, თუმცა ზოგჯერ რთული კრიტერიუმების საფუძველზე და იმსჯელონ ტექსტების მიზნებსა და ფორმაზე, თუკი ამისკენ მკაფიოდ მიუთითებენ“.

საქართველოში მოსწავლეების მხოლოდ 35%-მა მიაღწია მე-2 ან უფრო მაღალ საფეხურს საბუნებისმეტყველო საგნებში (OECD საშუალო 76%). „ამ სტუდენტებს, მინიმუმ, შეუძლიათ ამოიცნონ ცნობილი მეცნიერული ფენომენების სწორი ახსნა და გამოიყენონ ასეთი ცოდნა იმისათვის, რომ დაადგინონ, რამდენად მართებულია დასკვნა მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით“, – ნათქვამია ანგარიშში.

გენდერული განსხვავებები

საქართველოში ბიჭები და გოგონები საშუალოდ მსგავს დონეზე ასრულებდნენ მათემატიკის დავალებებს. თუმცა, კითხვაში გოგონებმა ბიჭებს  35 ქულით აჯობეს. გარდა ამისა, გოგონებს საბუნებისმეტყველო საგნებში 14-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ ბიჭებთან შედარებით.

სასკოლო ცხოვრება

საქართველოში 2022 წელს მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში (ეს მაჩვენებელი ახლოსაა OECD-ის 76%-იან მაჩვენებელთან); თუმცა, მხოლოდ 51% გრძნობდა სკოლაში თავს კომფორტულად (OECD – 75%).

დაცულობის შეგრძნება სკოლაში და მის გარშემო

PISA-ს 2022-ის მონაცემებმა აჩვენა, რომ ქართველი მოსწავლეების 13% თავს დაცულად არ გრძნობს სკოლისკენ მიმავალ გზაზე, რაც პროცენტულად აღემატება OECD-ის საშუალო 8%-იან მაჩვენებელს; გარდა ამისა, სტუდენტების 11%-მა განაცხადა, რომ არ გრძნობს თავს დაცულად საკლასო ოთახებში, რაც ასევე უფრო მაღალია OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე (7%).

რაც შეეხება ბულინგის თემას, გოგონების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც იყო ბულინგის მსხვერპლი. ეს მაჩვენებლები დაბალია OECD-ის საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც გოგონებისთვის 20%-ს, ხოლო ბიჭებისთვის 21%-ს შეადგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button