ახალი ამბები

სერგეი შამბა გალელების პასპორტიზაციის, თბილისთან დიალოგისა და ვაჭრობის შესახებ საუბრობს 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ და ყოფილმა „პრემიერ-მინისტრმა“, სერგეი შამბამ, რომელიც ცოტა ხნის წინ, რეგიონის „უსაფრთხოების საბჭოს მდივნად“ დაინიშნა, რადიო თავისუფლების რუსულენოვან გამოცემას „ეხო კავკაზას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან თბილისთან ვაჭრობისა და დიალოგის, ასევე გალის რაიონის მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხზე ისაუბრა.

თბილისთან დიალოგი და ვაჭრობა

თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგზე საუბრისას, შამბამ განაცხადა: „შეხედეთ ევროპას, იქ ყველა ქვეყანა ერთმანეთს ებრძოდა, სისხლიანი ომები იყო, მაგრამ დღეს ისინი მშვენივრად ცხოვრობენ და ერთად ვითარდებიან“.

„შეუძლებელია მუდმივად მტრობაში ცხოვრება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „[შეიარაღებული კონფლიქტი] უკვე დასრულებულია. ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ მეგობრული ურთიერთობები [თბილისთან]“.

შამბას თქმით, თბილისსა და სოხუმს შორის არსებულ რიგ მოუგვარებელ საკითხებს დიალოგი და მოლაპარაკებები ესაჭიროება. „მე ბევრი წელი დიპლომატად ვმსახურობდი; შესაბამისად, ვიცი, რომ ყველა პრობლემა დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა მან.

ამ კონტექსტში, შამბამ არალეგალური ვაჭრობის „ლეგალიზებისა“ და მდინარე ენგურზე კონტრაბანდის აღკვეთის შესახებ ისაუბრა.

შამბას განცხადებით, მართალია, თბილისთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადება არარეალური იქნება, ვინაიდან ის აფხაზეთთან შეთანხმების მიღწევაზე უარს აცხადებს, თუმცა სოხუმს შეუძლია, რომ  „საზღვარზე“ საბაჟო კონტროლი დააწესოს.

მოქალაქეობის საკითხი გალის რაიონში

გალის მოსახლეობის პასპორტიზაციის შესახებ საუბრისას, შამბამ აღნიშნა, რომ „ეს ადამიანები არ უნდა გავრიყოთ, ვინაიდან ისინი აფხაზეთის ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ“.

შამბამ ასევე განაცხადა, რომ გალელებისთვის აფხაზური „პასპორტების“ გაცემაზე უარის თქმა იმის გამო, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა აქვთ „არასწორია“. მისივე თქმით, აფხაზებს რუსული პასპორტები აქვთ მიუხედავად იმისა, რომ სოხუმსა და მოსკოვს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

„მათ ახლა ბინადრობის ნებართვა აქვთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მათთვის შეურაცხმყოფელია, ვინაიდან მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ამ მიწაზე და ბევრი მათგანი ოდესღაც აფხაზი იყო“, – განაცხადა მან.

„არ ვარ ამ საკითხში ქექვის მომხრე. რასობრივი მიდგომა საერთოდ მიუღებელია ცივილიზებულ საზოგადოებაში და განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც ასეთი შერეული მოსახლეობაა, ამგვარი საუბარი საერთოდ არ უნდა შედგეს“, – აღნიშნა შამბამ.

სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონის ტერიტორიაზე 30 259 პირი ცხოვრობდა.

2014 წელს მათ უმრავლესობას სოხუმმა ე.წ. „მოქალაქეობა“ ჩამოართვა და 2017 წლიდან ბინადრობის ნებართვები გასცა, რაც გალელებს პოლიტიკურ უფლებებს ართმევს და სოხუმის მიერ ორგანიზებულ „საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში“ მონაწილეობის შესაძლებლობას ართმევს.

2019 წლის აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ დროს, ადგილობრივმა საარჩევნო ადმინისტრაციამ გალიდან აფხაზური პასპორტების მქონე მხოლოდ 900-მდე ამომრჩეველი დაარეგისტრირა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button