TI საქართველო: საგადასახადო კოდექსში ცვლილება ბიძინა ივანიშვილს ერგება და რუსული კაპიტალის შემოდინებას გაზრდის
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 19 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პარლამენტის მიერ დღესვე მესამე მოსმენით საგადასახადო კოდექსში მიღებულ სადავო ცვლილებას გამოეხმაურა. განცხადების თანახმად, „შესაძლებელია, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი მმართველი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იყოს“. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ამასთან ერთად, ეს ცვლილებები გაზრდის „საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორი) რეგისტრირებული საწარმოს აქტივების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები წესდება.
კერძოდ:
- აქტივების გადაცემის ოპერაციის ფარგლებში, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და მისი მფლობელი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან;
- აქტივის ან საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან;
- საქართველოს საწარმო, რომელიც ოფშორიდან აქტივებს მიიღებს, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არ შეიცავს არგუმენტებს, თუ რატომ გახდა საჭირო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ „აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების „რუსული კანონის“ პარალელურად ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა, აჩენს ეჭვს, რომ მისი მიზანი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ოფშორული კომპანიების აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობაა“.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსი ბიზნესმენები და ოლიგარქები ხშირად იყენებენ ოფშორული კომპანიების პრაქტიკას და არსებული საკანონმდებლო ცვლილებით, მათაც მიეცემათ საშუალება თავისი აქტივები საქართველოში საგადასახადო შეღავათებით გადმოიტანონ.
„რადგანაც საგადასახადო შეღავათი ვრცელდება ოფშორული კომპანიის კუთვნილი საქონლის იმპორტზე, ეს ასევე შეეხება ისეთ საქონელს, რომელიც შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან – მაგალითად, მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების საგნებს, როგორიც ხელოვნების ნიმუშებია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია თავის 2021 წლის კვლევას იშველიებს, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილი 20 ოფშორულ კომპანიას ფლობდა, და აღნიშნავს, რომ სწორედ ოფშორული კომპანიების გაუმჭვირვალობის გამო, ორგანიზაცია წლებია ითხოვს, შეიქმნას ოფშორული კომპანიების ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრი, რაც ამ კომპანიების ანონიმურად მფლობელობიდან გამომდინარე რისკებს შეამცირებდა. „ანონიმური მფლობელობა თავის მხრივ კორუფციის, მათ შორის, გადასახადებისგან თავის არიდების რისკს ზრდის“, – აცხადებს ორგანიზაცია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ოფშორული კომპანიებიდან მომავალი რისკებით მხოლოდ მაშინ დაინტერესდა, როდესაც „რუსული კანონის“ მიღების გამო ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაახლოებული პირების დასავლეთის ქვეყნებიდან სანქცირების ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ხშირად ოფშორული კომპანიები მიმზიდველია საეჭვო წარმომავლობის აქტივების მქონე პირებისთვის და თუკი საქართველო, ოფშორიდან აქტივების გადმოტანის ხელშემწყობ რეჟიმს აამოქმედებს, ამასთან ერთად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს. საჯარო უნდა იყოს იმ პირების ვინაობა, ვინც ოფშორებიდან საქართველოში აქტივებს გადმოიტანს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, ეს ინიციატივა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაზე და „მისთვის სასურველი კანონების დამტკიცება როგორ ხდება დაჩქარებული გზით, საკითხზე ფართო მსჯელობის გარეშე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)