ახალი ამბები

მედვედევი„უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს მხარდაჭერას უცხადებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა 17 აპრილს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.  „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ კომენტარში მედვედევი მიესალმა კანონპროექტის მიღების მცდელობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან „გამოცდილი და კარგად ნაცნობი ჰოლივუდური ხელი“ დგას. მისი თქმით, რუსული და ყირგიზეთში მიღებული ანალოგიური კანონი, ისევე როგორც ქართული კანონპროექტი, „სრულიად სამართლიანად“ მოითხოვს მათგან [უცხოური აგენტები] გამჭვირვალობას, და ამასთანავე, სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, მის ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში უკანონო უცხოური ჩარევის აღკვეთას ითვალისწინებს.

მედვედევი აცხადებს, რომ „მთავარი, რაც „მომიტინგეებს“ არ მოსწონთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არის ის, რომ „ეს არის „რუსული იდეა“ და არა დასავლური ინიციატივა“.

შემდეგ მან დასავლური ქვეყნების „მწვავე კრიტიკა“ გაიხსენა, რაც ყირგიზეთში ანალოგიური კანონის მიღებას მოყვა. „ვნახეთ უწყვეტი კვნესა, ყვირილი და მუქარა ევროპელი და ამერიკელი სახელისუფლებო ნაგავსაყრელების მხრიდან. ასევე შეფარული, მტრული მიმართვები ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის მისამართით. როგორ გაბედეთ? ვინ მოგცათ ამის უფლება? სახელმწიფოს შიდა საქმე, უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა? არა, თქვენ არაფერი გსმენიათ ამის შესახებ. ეს თქვენთვის არ არის…“

მედვედევმა გაიხსენა, რომ 2023 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კმაყოფილება „ქართული ოცნების“ მიერ კანონპროექტის იძულებით ჩაგდების გამო და დასძინა, რომ აშშ-მ კანონპროექტი „ევროატლანტიკურ ღირებულებებთან შეუთავსებლად“ შეაფასა. „დიახ, ეს მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური ზღვა, გრუზია არ არის საქართველო, მიუხედავად სახელების მსგავსებისა“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისივე თქმით, „უცხოური აგენტების შესახებ კანონები რიგ ქვეყანაში მოქმედებს“, მათ შორის ისრაელში, უნგრეთსა და ავსტრალიაში. „მაგრამ ამ შემთხვევებში ვაშინგტონი და ბრიუსელი საკმაოდ კმაყოფილნი არიან ყველაფრით. არანაირი პრეტენზია და არანაირი დაგმობა მათი მხრიდან“, – განაცხადა მან.

„სხვა შემთხვევაში – დაფინანსებული მეიდნები, ჩხუბები, ზეწოლა, შანტაჟი. ასევე უფროსი გერმანელი მეძეხვის, ევროკომისიის მთავარი გინეკოლოგისა და ამერიკული სამსახურის სხვა მეორეხარისხოვან პირთა თვალნათელი ისტერიკა“, – წერს მედვედევი.

„ატლანტიკური ღირებულებები, რომლებიც თავსმოხვეულია მეიდნისა და სისხლის მეშვეობით, უკიდურესად საეჭვო საჩუქრებია. ისინი სულ უფრო ნაკლებად მოსწონთ იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც აქამდე ანგლო-საქსებს მთლიანად ემორჩილებოდნენ. როგორც ჩანს, მათმა მოთმინებამ და დათმობამ დღეს გარდაუვალ ზღვარს მიაღწია. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს დმიტრი მედვედევი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button