skip to content
ახალი ამბები

აფხაზები გმობენ რუსული პარტიის შეთავაზებას რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ და „პარლამენტმა“ დაგმეს რუსეთის პოლიტიკური პარტიის – „სიმართლისთვის“ – წინასაარჩევნო პროგრამაში გაჟღერებული შემოთავაზება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომელსაც რუსეთში ფედერაციაში რეგიონის შესვლა უნდა მოჰყვეს.

ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყებამ 7 ივლისს განაცხადა, რომ „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სამართლებრივ საფუძველზე ყალიბდება და სამოკავშირეო ხასიათი აქვს მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ 2008 წელს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა“.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სამოკავშირეო ხასიათი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს, სრულად ასახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის ნებას“.

„აფხაზი ხალხი ამგვარ ინიციატივებს ძალზე უარყოფითად აღიქვამს“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტმა“ 7 ივლისს და დასძინა, რომ ასეთი ინიციატივები „ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას“ ხელს არ უწყობს.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ კვირაში აღიარა. დღემდე ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button