ახალი ამბები

კოვიდ-19, დეზინფორმაცია და საგარეო პოლიტიკა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევაში

აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტმა“ (NDI) 28 ივლისს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საკითხების ფართო სპექტრის, მათ შორის, კოვიდ-19-ის და დეზინფორმაციის, ასევე პანდემიის პირობებში, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებს გამოხატავს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2020 წლის 26-30 ივნისის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 1 550 რესპონდენტი გამოიკითხა. ამასთან, კვლევისთვის 5 ქალაქში – თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულსა და ახალქალაქში 10 ფოკუსჯგუფიც ჩატარდა. NDI-ის ინფორმაციით, კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

ინფორმაციის წყაროები და მათდამი ნდობა

კვლევის შედეგების თანახმად, „მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია აღელვებს, თუმცა ამავე დროს დარწმუნებულია, რომ ტყუილისა და სიმართლის გარჩევა შეუძლია“.

გამოკითხულების 84% პანდემიის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიით, 41% სოციალური ქსელებით, 26% კი – მეზობლების, მეგობრების, ოჯახის წევრებისა და თანამშრომლებისგან იგებს.

საინფორმაციო წყაროების სანდოობის კუთხით, რესპონდენტების 90% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, 85% საქართველოს ხელისუფლებას, 73% ჟურნალისტებს/მედიას, 66% ადგილობრივ ხელისუფლებას, ხოლო 61% კი – რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას ენდობა.

გამოკითხულების 33% ამბობს, რომ მათთვის კოვიდ-19-ის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან რთულია იმის გაგება, რა არის სიმართლე და რა არა, 60%-ის განცხადებით კი ამის გაგება ადვილია.

რესპონდენტების 73% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, 17%-ის მოსაზრებით კი – ეს „ჩვენი გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა“.

„დროულად მოხდა პრევენცია. დაიკეტა საზღვრები, ფრენები აიკრძალა და არც ისე არაორგანიზებულები ვყოფილვართ ქართველები, დავემორჩილეთ ძირითადად და ამან გამოიღო თავისი შედეგი“, – თქვა ფოკუსჯგუფის ფარგლებში გამოკითხულმა 28 წლის რესპონდენტმა კაცმა.

დეზინფორმაცია და კონსპირაციული თეორიები

გამოკითხულების მხოლოდ 13%-ს ჰგონია, რომ კოვიდ-19 ბუნებრივად გაჩნდა, 30% ფიქრობს, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და გამიზნულად გავრცელდა, 22%-ის მოსაზრებით, ის ლაბორატორიაში შეიქმნა და შემთხვევით გავრცელდა, 3% მიიჩნევს, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს, 32%-ს კი – კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ლუგარის ლაბორატორიაზე საუბრისას, რომელიც პანდემიის პირობებში, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა, რესპონდენტების 66% აცხადებს, რომ ცენტრი კოვიდ-19-ის გავრცელებას ხელს უშლის, 4% ფიქრობს, რომ პირიქით – ხელს უწყობს, 6%-ს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ არაფერი სმენია, 17%-ს კი – პასუხი არ აქვს.

„გამიგია ტელევიზიიდან, რომ თითქოს რუსეთს აქვს ეჭვი, რომ მათ საწინააღმდეგოდ რაღაცა კეთდება, მაგრამ მე რატომღაც არ მგონია, მაგრამ თუ რამე გაკეთდება, თანახმა ვიქნები“, – თქვა თბილისში მცხოვრებმა 66 წლის კაცმა.

კითხვაზე – „მიგიმართავთ თუ არა ხალხური მედიცინის რომელიმე საშუალებისთვის კორონავირუსისგან თავი დასაცავად ან მის სამკურნალოდ?“ – 78%-მა თქვა, რომ არა, 19%-მა კითხვაზე დადებითი პასუხი გასცა.

გამოკითხულების 46%-ის განცხადებით, კოვიდ-19-ის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, არ აიცრებოდა, 38% აიცრებოდა, 15-ს კი – კითხვაზე პასუხი არ აქვს.

რესპონდენტების 10%-ის მოსაზრებით, კოვიდ-19 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურას უკავშირდება, 45% ამ თეორიას არ ეთანხმება, 16%-ს 5G-ის შესახე არაფერი სმენია, 30%-მა კი – არ იცის.

წყარო: NDI-ის კვლევა

გამოკითხულების 29% მიიჩნევს, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციას კონკრეტული ქვეყანა შეგნებულად ავრცელებს, 35% ფიქრობს, რომ ეს სიმართლე არ არის, 36%-მა კი არ იცის.

იმ 29%-დან, რომელსაც სწამს, რომ ვირუსის შესახებ დეზინფორმაციას კონკრეტული ქვეყანა ავრცელებს, 36% ამბობს, რომ არ იცის ამას რომელი ქვეყანა აკეთებს, 33%-ის მოსაზრებით, ეს რუსეთია, 27%-ის მტკიცებით – სომხეთი, 11% კი – დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩინეთს ადანაშაულებს.

რწმენა და ვირუსი 

წლევანდელ სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში გამოკითხული მართლმადიდებელი მოსახლეობის მხოლოდ 10% დაესწრო.

რესპონდენტების 53% ფიქრობს, რომ მისი რელიგიის მორწმუნეებს კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან რწმენა იცავს, 38% კი – ამ მოსაზრებას არ იზიარებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, აღნიშნულ მსჯელობას თბილისში მცხოვრები და 18-34 წლის მოქალაქეები არ ეთანხმებიან.

წყარო: NDI-ის კვლევა

ევროკავშირისა და ნატოს მიმართ მხარდაჭერა

გამოკითხულების 76% ემხრობა საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

კითხვაზე – „როგორ შეცვალა პანდემიამ თქვენი დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ?“ – 19%-მა თქვა, რომ დადებითისკენ, 9%-ის განცხადებით უარყოფითისკენ, 61%-ისთვის პანდემიას ევროკავშირისადმი მის დამოკიდებულებაზე გავლენა საერთოდ არ მოუხდენია.

რესპონდენტების 69% მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ნოემბრის მონაცემთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

წყარო: NDI-ის კვლევა

ამასთან, გამოკითხულების 59% მიიჩნევს, რომ „საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით“. 11% ამბობს, რომ ქვეყანა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ „რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“. 12% კი – არცერთ მოსაზრებას ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უფრო ახალგაზრდა, 18-34 ასაკის მოქალაქეები უცხადებენ მხარდაჭერას და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ აღნიშნულ კურსზე უარის თქმის იდეას არ იწონებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button