skip to content
ახალი ამბები

თბილისი ლუგარის ცენტრის შესახებ რუსეთის „ცრუ ბრალდებებს“ პასუხობს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 მაისს რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გამოთქმულ მორიგ ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს მიერ ცენტრის შესახებ გაკეთებული არაერთი განმარტების მიუხედავად, რუსეთი „უხეშად“ ცდილობს, რომ დააკნინოს „წარმატებული ინსტიტუციის როლი საქართველოსა და რეგიონული უსაფრთხოების საქმეში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი „კითხვებს ბადებს“. ოფიციალურმა მოსკოვმა ლუგარის ცენტნტრში საკუთარი ექსპერტების დაშვება მოითხოვა.

გაუსვა რა ხაზი, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს, სამინისტრომ განმარტა, რომ ლუგარის ცენტრი, მთელი აღჭურვილობით, საქართველოს მთავრობის საკუთრებაა და ნებისმიერ კვლევა, თუ საქმიანობა მხოლოდ „საქართველოს კომპეტენტური უწყებების კოორდინაციით“ ხორციელდება.

ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვების შესახებ მოსკოვის მოთხოვნის საპასუხოდ, უწყებაში განაცხადეს, რომ „რუსეთის უხეში და აგრესიული დეზინფორმაციის ფონზე, რომელთა ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დააკნინოს ლუგარის ცენტრის ფუნქციონირება და მის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კვლევები, საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას“.

საგარეო უწყებაში ასევე დასძინეს, რომ საქართველო მზად არის „მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები“, რომლებსაც „შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე დაშვება“ გააჩნიათ, თუმცა „კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 2018 წელს საქართველომ ობიექტზე საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, თუმცა მაშინ რუსეთმა ამ ღონისძიებაში საკუთარი ექსპერტების ჩართვაზე „კატეგორიული“ უარი თქვა.

უწყებისვე თქმით, ცენტრის მიმართ რუსული დეზინფორმაცია განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს იმ პირობებში, როდესაც ლაბორატორიის საქმიანობა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის „წარმატებულ“ ბრძოლაში „ერთ-ერთ“ გადამწყვეტ ფაქტორად იქნა მიჩნეული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას, უპირველეს ყოვლისა კი, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს მიმართავს, რომ შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების „აგრესიული განცხადებები“ საქართველოს მიმართ, „დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვის ქვეშ დაყენება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button