ანალიზიდაწვრილებით

ფრონტის ხაზზე: კორონავირუსთან მებრძოლი ოთხი მუშკეტერი

საქართველოში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ავანგარდში ოთხი ექიმი – ერთი ქალი და სამი მამაკაცი – შეიყარა. წინათ საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად ცნობილ სახეებს ახლა თითქმის მთელი ქართული საზოგადოება იცნობს და მათ ყოველ განცხადებასაც გულისყურით ეკიდება. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში კოვიდ-19-ის შედარებით მსუბუქ გავრცელებას ბევრი სწორედ ამ და სხვა ქართველ მედიკოსთა პროფესიონალიზმს მიაწერს. „სამოქალაქო საქართველო“ (Civil.ge)  მუშკეტერებად ქცეული ოთხი ექიმის ბიოგრაფიას გაგაცნობთ.

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად (NCDC) 2013 წელს დაინიშნა და მას შემდეგ უცვლელად ხელმძღვანელობს ამ უწყებას. 1997-2001 წლებში გამყრელიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2001-2003 წლებში კი მინისტრის პორტფელსაც ფლობდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი თავისი ხანგრძლივი კარიერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსახურებად თბილისის აეროპორტთან მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრის დაფუძნებაში შეტანილ წვლილს მიიჩნევს – ლაბორატორიისა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველ ხანებში კოვიდ-19-ის სწრაფი და დროული დიაგნოსტიკით გაითქვა სახელი.

პანდემიის პირველი დღიდან ამირან გამყრელიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეური, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო ღონისძიებების ერთ-ერთ მთავარ გამხმოვანებლად იქცა. თითქმის ყოველდღე გამართულ ბრიფინგებზე იგი საზოგადოებას არც თუ ისე დამაიმედებელ მსოფლიო სტატისტიკას აცნობდა და, ამავდროულად, ქართული ჯანდაცვის სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის განმტკიცებას ცდილობდა.

ბევრის აზრით, გამყრელიძე, სხვა მრავალი საჯარო ფიგურისგან განსხვავებით, გაწონასწორებულობით გამოირჩევა და ჟურნალისტების კითხვების კორიანტელს ოლიმპიური სიმშვიდით პასუხობს. თუმცა, დარბაისლური მანერების გარდა, ყურადსაღებია, რომ გამყრელიძეს ერთი მთავარი მისია აკისრია – საზოგადოებას მუდამ შეულამაზებელი ინფორმაცია მიაწოდოს, მთავრობას კი მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის წარმართვა ურჩიოს. კრიტიკოსების აზრით, ამ გამოწვევას იგი არცთუ სახარბიელოდ უმკლავდება.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, ისევე როგორც ჯანდაცვის სპეციალისტმა, ე. წ. „სწრაფი ტესტების“ გამოყენებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის თავკაცის ხისტი პოზიცია გააკრიტიკა. იგი ჯიუტად არ აღიარებდა დაავადების შიდა გავრცელების კერების განსასაზღვრად სწრაფი დიაგნოსტიკის საჭიროებას და, საპირწონედ, საჯაროდ იცავდა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდოლოგიის „ღირსებებს“ (მაღალი მგრძნობელობა, სანდოობა). ბევრი მიიჩნევს, რომ გამყრელიძემ ამით ქვეყანაში „სწრაფი ტესტების“ მარაგის დროულ შევსებას შეუშალა ხელი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე სცადა ჩინური კომპანიისგან სწრაფი ტესტ-სისტემების შეძენა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ზოგმა ქვეყანამ იმავე მწარმოებლის ნაწარმი დაიწუნა, სამინისტრომ კონტრაქტი გააუქმა.

ამასთან, გამყრელიძეს არათანმიმდევრულ რიტორიკასაც უწუნებენ. ერთი მხრივ, იგი მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, განუხრელად დაიცვან ფიზიკური დისტანცირების დადგენილი ნორმები. მეორე მხრივ, კრიტიკოსთა თქმით, გამყრელიძე პასუხისმგებლობას გაურბის – მრევლსა და ეკლესიის იერარქებს ტაძრების დაკეტვისა და ერთი კოვზით ზიარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდოს. (რედაქტორის შენიშვნა: 17 აპრილს, აღდგომამდე ორი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ მართლმადიდებელ მორწმუნეებს ღიად მოუწოდა, სახლში დარჩენილიყვნენ და სააღდგომო მსახურებაზე დასწრებისგან თავი შეეკავებინათ).

28 მარტს, „ტვ პირველის“ ჟურნალისტთან  „სწრაფი ტესტების“ თემაზე გამართული მწვავე კითხვა-პასუხის შემდეგ გამყრელიძემ პირდაპირი ეთერებიდან ფეხი ამოიკვეთა და მედიასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის „თვითიზოლაციას“ ბევრი დანანებით შეხვდა, საზოგადოებამ მისი სახით სანდო საჯარო ფიგურა დაკარგაო. ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ, შესაძლოა, გამყრელიძემ მომეტებულ სამსახურეობრივ დატვირთვას და მედიის წნეხს ვეღარ გაუძლო და რადიკალური ნაბიჯიც ამიტომ გადადგა.

ამირან გამყრელიძისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი პირად დრამადაც იქცა. მისი შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე (ქვეყნის უმსხვილესი სამედიცინო კორპორაციის დირექტორი) ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც საქართველოში კოვიდ-19 დაუდგინეს. საბედნიეროდ, მრავალი სხვა ინფიცირებულის მსგავსად, გამყრელიძის ვაჟი უკვე გამოჯანმრთელდა.

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე მეცნიერების დარგში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეა და აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნებულ ლუგარის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს, სადაც სხვადასხვა პროფილის მეცნიერები ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნავენ. ახალი კორონავირუსის პანდემიის ხანაში იმნაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. საშუალო რანგის სხვა მოხელეთაგან განსხვავებით, იმნაძეს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი იცნობს.

იმნაძეს ხშირად იხილავთ მთავრობის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეპიდემიოლოგი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს მათ, ვინც ჯანდაცვის რეკომენდაციებს არასაკმარისი მონდომებით ასრულებს. მან ეთნიკურ ჩინელებზე მიმართული ქსენოფობიის წინააღმდეგაც გაილაშქრა და მოსახლეობას ინფიცირების სტიგმად გადაქცევის დაგმობისაკენ მოუწოდა.

მიუხედავად ამისა, ბევრი მიიჩვევს, რომ პოლიტიკური და რელიგიური დღის წესრიგის პირისპირ დარჩენილმა იმნაძემ საკუთარ პროფესიონალიზმს დათვური სამსახური გაუწია. ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან წონასწორობა დაკარგა და დაიქადნა, თუ ჩემს პოლიტიკაში „გარევას“ გააგრძელებენ (სავარაუდოდ, წინა ხელისუფლებას, ამჟამად ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკოსებს გულისხმობდა), მათ წარსულზე ავლაპარაკდებიო.

ეკლესიის პოზიციას – საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად არ შეეწყვიტათ ტაძრებში ღვთისმსახურება – იმნაძე ლმობიერად შეხვდა და საპატრიარქოს კრიტიკოსები შერისხა: „მეჩვენება, რომ ქვეყანაში მორწმუნეების დევნის კამპანია იწყებაო“. დირექტორის მსგავსად, მოადგილემაც მედიისგან დისტანცირება ამჯობინა და მას უკვე მხოლოდ სამთავრობო ბრიფინგებზე თუ ვიხილავთ.

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც საქართველოში კოვიდ-19-ის პაციენტთა მთავარ სამკურნალო დაწესებულებად რჩება. ქვეყნის წამყვანი ინფექციონისტის პროფესიული კარიერა ხუთ ათწლეულზე მეტს ითვლის. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში ცერცვაძემ იმუნოლოგიაში საქმიანობა აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო და შიდსის კვლევის ცენტრს ჩაუყარა საფუძველი. მან, იმნაძესა და გამყრელიძესთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2015 წელს C ჰეპატიტის აღმოფხვრის მსოფლიოში პირველი პროგრამის ასამუშავებლად, რომელსაც ძვირადღირებული პრეპარატებით ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადი“ („Gilead Sciences“) ამარაგებდა.

ეპიდემიის პირველ დღეებში მთავრობამ ცერცვაძეს სპეციალურად შექმნილი კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა დააკისრა, რომელსაც კოვიდ-19-ის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გზამკვლევების (სახელმძღვანელო დოკუმენტების) შემუშავება დაევალა. ცერცვაძის თქმით, სწორედ მისი ინიციატივით – მიუხედავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციისა – ქართველმა ექიმებმა კოვიდ-19-ის აუცილებელი სიმპტომების სიიდან ცხელება (მაღალი ტემპერატურა) ამოიღეს, რითიც ინფიცირების მრავალი საშუალო სიმძიმის შემთხვევის აღმოჩენა მოხერხდა.

კრიტიკოსები კი ამბობენ, რომ ცერცვაძე, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მესვეური, შიდა გავრცელების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ დიდხანს აჭიანურებდა დიაგნოსტირების ალგორითმის შეცვლას. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე ან დადასტურებულ შემთხვევასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების ტესტირებას ითვალისწინებდა. კრიტიკოსთა აზრით, სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა სხვა პოტენციური რისკ-ჯგუფების (როგორიცაა სამედიცინო მუშაკები, ასევე ე.წ. „მარნეულის კლასტერი,“ სადაც პირველი შიდა გადაცემა დაფიქსირდა) დროული ტესტირება.

მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ასეთ ინფექციებთან ბრძოლა და რისკისთვის სახეში შეხედვა იყოო, აღნიშნა ერთგან სამოცდაათ წელს გადაცილებულმა ექიმმა. ცერცვაძე საკუთარ კრედოს ახლაც არ ღალატობს და კვლავ გლობალურ ინფექციასთან ბრძოლას ემსახურება.

მარინე ეზუგბაია

უკვე დიდი ხანია, რაც მარინე ეზუგბაიას კლინიკური მიმოხილვების მოსმენა ბევრისთვის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. თბილისის ინფექციურ დაავადებათა კლინიკის დირექტორის მოადგილე უშუალოდ მეთვალყურეობს ყველაზე მძიმე პაციენტების (ძირითადად ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების) მკურნალობას. მისი წყალობით ბევრმა ახლადაღმოცენებული კლასტერების გეოგრაფია დაისწავლა და ხშირად ბუნდოვან, სპეციალური ტერმინებით დატვირთულ სამედიცინო ენასაც მიაჩვია ყური – ვინ გამოჯანმრთელდა, ვინ ეწერება და ვინ რჩება „კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ“ მდგომაროებაში და ა.შ.

მაშინ, როდესაც გახანგრძლივებულმა პანდემიამ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დაიწყო ზემოქმედება, ეზუგბაიამ და მისმა კოლეგებმა ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინეს – მოსახლეობას მეცნიერულად გამართული, კომპეტენტური სამედიცინო რჩევები მიაწოდონ.

თუმცა, სააღდგომო წირვაზე დასწრებაზე გაჟღერებულმა პოზიციამ ეზუგბაიას პროფესიულ რეპუტაციას ბევრის თვალში გამოუყვანა წირვა. „პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე, ალბათ იმას შევასრულებო,“ თქვა ეზუგბაიამ, მაშინ, როდესაც მანამდე კვირების განმავლობაში მთავრობა და მედიკოსები სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას.

გადასძლევს თუ არა ეზუგბაიას რწმენა მისი, როგორც მედიკოსის აზრს? – უნდა ვიმედოვნოთ, რომ – არა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button