skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი: „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის ხელახალი ინიცირება „სერიოზულ შეშფოთებას“ იწვევს

ევროკავშირი 4 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიცირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.  

განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ „გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული“ და მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს „მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება“.

განცხადების თანახმად, „ევროკავშირი  წუხილს გამოთქვამს, რომ ის [კანონპროექტი] კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად“.

ევროკავშირი მმართველი პარტიის შარშანდელ დაპირებას იხსენებს კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ და ამბობს, რომ „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭა, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. „ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს“.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის კუთხით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button