skip to content
რესპუბლიკის ამბები

7 ივლისი, 1920: ბათუმში საქართველოს დროშა ფრიალებს

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 8 ივლისი, N152

გენერალური შტაბის ცნობა, 7 ივლისი

დღის 12 საათზე ჩვენი ჯარები შევიდნენ ბათომში. მათ მცხოვრებლები ზეიმით შეეგებენ. საღამოს 6 საათზე მოხდა საზეიმო ცერემონია. ინგლისის მთავრობის წარმომადგენლების მიერ ბათუმისა და მისი ოლქის ჩვენზე გადმოცემის გამო. აგრეთვე ერთდროულათ მოხდა ბათუმში მყოფი ინგლის-საფრანგეთისა და ჩვენი ჯარების აღლუმი.

6 ივლისს 12 საათზე ჩვენმა ჯარებმა დაიკავა ბორჩხა, სადაც ინგლისის სარდლობის წარმომადგენლებმა მართველობა ჩვენი ჯარების უფროსს გადასცეს. ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენს ჯარებს პურ-მარილით მიეგება.

ყველა მიმართულებაზე სიწყნარეა.

საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ცნობა

ბათომი

ქალაქში ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელთა მიერ შემდეგი განცხადებაა გაკრული: „უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოკავშირეთა მიერ ბათუმისა და მისი ოლქის ევაკუაცია ხდება. ქალაქს და ოლქს გადასცემენ საქართველოს 1920 წლის 7 ივლისს, ნაშუადღევს. ამიტომ ბათომის ოლქის სამხედრო გუბერნატორი მთელი ბათუმის და მისი ოლქის მცხოვრებლებს უბრძანებს დაიცვან სრული სიმშვიდე და ჩვეულებრივი მუშაობა განაგრძონ. ის ბოროტათ განწყობილი პირები, რომლებიც შეეცდებიან ხელი შეუშალონ ბრიტანეთის ძალების მშვიდობიან ევაკუაციას ან საქართველოს ჯარების მშვიდობიან შემოსვლას, სამხედრო დროის მოქმედ კანონის თანახმად, სასტიკად იქნებიან გასამართლებულნი. საქართველოზე ძალა-უფლების გადაცემამდე ამ ბოროტად-განწყობილ პირებს მიაკუთვნებენ ყველას, ვინც შეაშფოთებს მცხოვრებლებს, ვინც ყალბ ცნობებით ან სიტყვით ან საგაზეთო წერილებით ეროვნულ, კლასიურ ბრძოლის გამოწვევას შეეცდებიან.

ბათომის ოლქის სამხედრო გუბერნატორი გენერალი კუკ-კოლისი

6 ივლისი, 1920 წელი.

ბათომი

5 ივლისს ბათომში შედგენილი სახალხო გვარდია ერთი ბათალიონის შემადგენლობით ტყვიისმფრქვეველთა კომანდასთან ერთად, ბათალიონის კომანდირ კვაშალის მეთაურობით ბათომის მიდამოებში, ბარცხანის ახლოს, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსს ვალიკო ჯუღელს მიეგება. ვალიკო ჯუღელმა სახალხო გვარდიელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დაახასიათა ბათომის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ყველაზე უფრო ძვირფასი გამარჯვება საქართველოს დემოკრატიისა არის უკანასკნელი გამარჯვება, ესე იგი დაბრუნება ბათომისა, რომელიც ყოველთვის ორგანულად იყო საქართველოსთან დაკავშირებულიო. ვალიკო ჯუღელის შემდეგ მათ მისასალმებელ სიტყვით მიმართა დამფუძნებელი კრების წევრმა ვლასა მგელაძემ, რომელმაც ბათომის პროლეტარიატს გაახსენა, რომ განმანთავისუფლებელ მოძრაობის აკვანი იყო ბარცხადა და ქალაქი, სადაც ბათუმის მუშები ხალხის თავისუფლებას სჭედდენო. დიდძალმა საზოგადოებამ, რომელიც აღლუმს დაესწრო, სახალხო გვარდიელები ყვავილებით დაფარა. გვარდიელები თავის სამხედრო საქმის ცოდნით გაკვირვებას იწვევენ.

მსგავსი/Related

Back to top button