ახალი ამბები

გერმანიაში დაკავებული გენშტაბის ყოფილი უფროსი გირაოთი გაათავისუფლეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (ახლანდელი გენერალური შტაბი) ყოფილი უფროსი, გიორგი (გიგი) კალანდაძე, რომელსაც გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებას ედავება და რომელიც 19 დეკემბერს გერმანიაში დააკავეს, 6 იანვარს გირაოთი გაათავისუფლეს. კალანდაძის დაკავების შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20 დეკემბერს განაცხადა, რომ გერმანიას მისი ექსტრადირების თხოვნით მიმართავდნენ.

7 იანვარს ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას, კალანდაძემ განმარტა, რომ ის გირაოთია გათავისუფლებული, სანამ გერმანია მისი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისი თქმით, სასამართლო პროცესი რამდენიმე კვირაში გაიმართება და რომ სასამართლო “მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჩვენ ველოდებით.” “დარწმუნებული ვარ, რომ გერმანი[იდან] ჩემი ექსტრადაცია არ დადგება,” – თქვა კალანდაძემ.

კალანდაძე ასევე ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ „დისკრიმინაციის ახალი ტალღა“ წამოიწყო. მისი თქმით, მან დაკავებამდე რამდენჯერმე უპრობლემოდ იმოგზაურა გერმანიაში.

კალანდაძემ ასევე უარყო პროკურატურის ბრალდებები, რომ მან, 2012 წლის ივლისში, მოქალაქე ე.კ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას წამების გზით შეეცადა.

მისი თქმით, „ეს არის რაღაცა ფიქტიურად, ძალად შეთითხნილი საქმე და ჩამატებული ვარ მე იქ, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული“. Როგორც კალანდაძე აცხადებს, ამ საქმეზე ბრალდება მას წაუყენეს „უკრაინაში ყოფნის დროს, 2015 წლის მიწურულს, როცა თვითონ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს 2013 წელს“.

გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 1441 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად, 2012 წლის 8 ოქტომბერს, ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებიდან ერთ კვირაში, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა. მანამდე, 2010 წლიდან, გიორგი კალანდაძე შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ მსახურობდა. 2011 წლამდე იგი პარალელურად სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობებსაც ასრულებდა.

გიორგი კალანდაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა მთავრობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის სხვა საქმეებზეც ჰქონდა წაყენებული.

2013 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ კალანდაძე გაამართლა. თუმცა, იმავე წლის დეკემბერში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ოდნავ შეცვალა. კერძოდ, იგი 2010 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში გაამართლა, მაგრამ დამნაშავედ ცნო 2011 წელს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“.

კალანდაძეს სასამართლომ სამი თვით თანამდებობის დაკავება აუკრძალა, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, იგი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button