skip to content
ახალი ამბები

გერმანიაში გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი დააკავეს

გენერალურმა პროკურატურამ 20 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის (ახლანდელი გენერალური შტაბი) ყოფილი უფროსი, გიორგი (გიგი) კალანდაძე, რომელსაც გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამებას ედავება, 19 დეკემბერს გერმანიაში დააკავეს. უწყება გერმანის მისი ექსტრადირების თხოვნით მიმართავს.

კალანდაძე გაერთიანებული შტაბის უფროსად, 2012 წლის 8 ოქტომბერს, ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებიდან ერთ კვირაში, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა. მანამდე, 2010 წლიდან, გიორგი კალანდაძე შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ მსახურობდა. 2011 წლამდე იგი პარალელურად სახმელეთო ძალების სარდლის მოვალეობებსაც ასრულებდა.

პროკურატურის ვერსიით, 2012 წლის ივლისში, გიორგი კალანდაძემ, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ მოქალაქე ე.კ.-ისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და მისგან წამების გზით ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება განიზრახეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის 2012 წლის 28 ივლისს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, მათი დავალებით, ე.კ-ს ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

ამავე ინფორმაციით, კალანდაძემ, ახალაიამ, ქარდავამ და შამათავამ ე.კ. 29 ივლისს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს, „სასტიკად წამების“ შემდეგ, მან გონებაც დაკარგა, თუმცა მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენიათ და შენობის ერთ-ერთ ოთახში, „უმწეო მდგომარეობაში“ რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება 2015 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე (მე-2 და მე-4) და 1441 (მე-2 და მე-3) მუხლებით დაიწყო, რაც 12-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კალანდაძე, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, ბერლინის აეროპორტში დააკავეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, იგი გერმანიაში შვილს სტუმრობდა.

ოპოზიციის გამოხმაურება

გიორგი კალანდაძის დაკავება მის სამხედრო წარსულს დაუკავშირა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, კალანდაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის „გმირია“, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ასევე აქტიურად იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში.

„სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი „უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში“.

კალანდაძის დაკავებას „უცნაური ამბავი“ უწოდა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა. მისივე თქმით, დაკავებული უკრაინის მოქალაქეა, უკრაინას კი – რუსეთთან „საკმაოდ გამწვავებული“ ურთიერთობა აქვს და ამ ფონზე, კალანდაძის დაკავება „რბილად რომ ვთქვათ უცნაურად გამოიყურება“.

სხვა საქმეები კალანდაძის წინააღმდეგ

გიორგი კალანდაძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობისდროინდელ სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და უფლებამოსილების გადამეტებისთვის სხვა საქმეებზეც ჰქონდა წაყენებული.

2013 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ კალანდაძე გაამართლა. თუმცა, იმავე წლის დეკემბერში, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის განაჩენი ოდნავ შეცვალა.კერძოდ, იგი 2010 წელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში გაამართლა, მაგრამ დამნაშავედ ცნო 2011 წელს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მისი ხელქვეითების „შეურაცხყოფაში“.

კალანდაძეს სასამართლომ სამი თვით თანამდებობის დაკავება აუკრძალა, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად, იგი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button