რესპუბლიკის ამბები

„Le Temps“: საქართველოში დაცულია ყველა უფლება და პიროვნების ხელშეუხებლობა

გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 23 ივნისი, N139

„ტანის“ აზრი საქართველოს შესახებ

გაზეთ „ტან“-ში დაბეჭდილია წერილი სათაურით: „დამოუკიდებელი საქართველო“. ამ წერილში პარალელია გავლებული რუსეთისა და საქართველოს დემოკრატიას შორის. იმ დროს, – სწერს წერილის ავტორი ტ. ჟანტიზენი, – როდესაც რუსეთში ბალშევიკებმა გაანადგურეთ მთელი სახელმწიფო აპარატი, დაანგრიეს მრეწველობა, კულტურა და ფეხქვეშ გასთელეს თავისუფლება, საქართველოს დემოკრატიამ შესძლო შეექმნა ნამდვილი სახელმწიფო სწორ სახელმწიფოებრივ მართველობით.

საქართველოში დაცულია ყველა უფლება და პიროვნების ხელშეუხებლობა. არ არის მონობა და ამიტომ ადვილი განსახორციელებელია ყოველივე საქმე. კომერციული იქნება ის, განმანათლებელი, თუ სავაჭრო. აქ მოწყობილია რეგულიარული ჯარი, შემოღებულია, წინად არ ყოფილა,  მუნიციპალური მართველობა, გახსნილია სკოლები და უნივერსიტეტი.

იმ დროს, როდესაც რუსეთის რევოლუციამ გვაჩვენა უსრულობა და არა ცოდნა რუსეთის დემოკრატიისა, რომ მას შეექმნა და დაეცვა ესა თუ ის მართველობის ფორმა,  – საქართველოს დემოკრატიამ თავისი ბელადების – ჟორდანიას, წერეთლის, ჩხენკელის და სხვათა მეთაურობით შესძლო შეეყვანა ევროპისაგან დავიწყებული პატარა ხალხი დასავლეთის ხალხთა ოჯახში და იქ თავისი ადგილი დაეკავებინა. საუკუნის განმავლობაში საქართველო ჩრდილში იმყოფებოდა. მაგრამ ხალხმა შესძლო თავისი კულტურის შენახვა. სწორედ ამის წყალობით საქართველოს თავის არსებაში გამოსძებნა ძალა, რომ იგი ბალშევიკების აგიტაციას არ დამორჩილებოდა. ერთი მიზეზთაგანი იმისა, რომ საქართველო ბალშევიკებისაგან არ დაინგრა, არის ის, რომ საქართველოს გლეხებს და მემამულეებს ჰქონდათ ერთი ენა და არ იყო ის საუკუნეობრივი სიძულვილი და შურისძიების სურვილი, როგორც ეს რუსეთში ემჩნეოდა და ბოლოს, საქართველოში მუშათა ელემენტი ბევრად მაღლა დგას კულტურულად რუსეთის გლეხზე.

ასე დაიბადა ახალგაზრდა საქართველო, ძლიერი თავისი ეროვნული სულით. ხალხი ბედნიერია თავისი დამოუკიდებლობით. ხალხი ბედნიერია თავისი დამოუკიდებლობით, ყველგან ისმის ქართული ენა. რუსეთის დროშა შეცვლილია ეროვნული დროშით.

საქართველოს მთავრობა იჩენს აუცილებელ გონიერებას და გვერდს უვლის ყველა მას, რაც სოციალურ მძულვარებას გამოიწვევს. ბოლშევიზმის ყოველივე უკიდურესობანი, ეს სისხლიანი საყვარელი ფორმულები ლენინისა და ტროცკისა, საშინელ წინააღმდეგობას ხვდება საქართველოში“.

წერილი შემდეგი შენიშვნით თავდება: „თუ შესაძლებელია გამართლება იმ არეულობის და საშინელებისა, რომელიც რუსეთში ხდება, ის შეიძლება გავამართლოთ მხოლოდ იმით, რომ ყოფილ იმპერიის კულტუროსან ერებს და მათ რიცხვში საქართველოს, შეძლება მიეცა თავისუფალი განვითარებისა“. (საქართველოს საინფორმაციო ბიურო).

მსგავსი/Related

Back to top button