ახალი ამბები

უცხოელი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ 

უცხოელმა ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა, ასევე დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 104-ე წლისთავი მიულოცეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც მან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაუგზავნა.

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, – ნათქვამია წერილში.

პრეზიდენტი ბაიდენი მიესალმა „საქართველოს მტკიცე მიზანდასახულობას მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას“, ასევე ქვეყნის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს.

იმავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგის, სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადზე გაამახვილა ყურადღება.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერით, ლტოლვილთა მიღებითა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენით, „ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ“.

ამას გარდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროში საქართველოს მიერ მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც „მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო“.

„მაშინ, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის მიმართ ერთგულება და ახლახან წარადგინა [ევროკავშირის] წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისთვის ცნობილია საქართველოს სურვილი, განამტკიცოს კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, კერძოდ კი – სასამართლო სისტემაში.

მან საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და დასძინა, რომ საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არცერთ რეფერენდუმს.

სალომე ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნილ მოკლე წერილში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა და აღნიშნა – „გლობალური გამოწვევების ფონზე, მომავალს იმედიანად ვუყურებ“.

პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ პოლონეთი „განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროკავშირში წევრობის განაცხადის განხილვისას“.

მისი თქმით, „რეგიონისთვის ამ განსაკუთრებით მძიმე დროს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საჭიროა შიდა სტაბილიზაცია და სოციალური ნდობის განმტკიცება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელება მოწონებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, – ნათქვამია წერილში.

მისი თქმით, პოლონეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცეს ნორვეგიის, შვედეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებმა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button