skip to content
რესპუბლიკის ამბები

დამოუკიდებლობის ორი წლის თავზე

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 26 მაისი, N115

დღეს საქართველო მეორედ დღესასწაულობს თავის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს.

ორი წელიწადია, რაც საქართველო დამოუკიდებლად, საკუთარის ძალით არსებობს.

მეორედ ზეიმობს, ნეტარობს ბორკილ აყრილი, საუკუნის განმავლობაში დამონებული, მაგრამ მებრძოლი სულის მატარებელი ერი.

საქართველოს რჩეულნი შვილნი მუდამ იღწვოდენ ამ დღისთვის, ოცნებობდენ, ნატრობდენ ამას, და, აა, აღსრულდა კიდეც, 1918 წლის მაისის 26-ს საქართველო აღდგა, მკვდრეთით, ხორცი შეისხა…

ძლიერმა გმირმა, რაინდმა ტარიელმა ბევრი ძებნისა და ცრემლ-ნაღველის დენის შემდეგ კვლავ იპოვა თავისი სატრფო ნესტან-დარეჯანი…

მაგრამ მტრებს შეშურდათ საქართველოს გაცოცხლება, მათ კიდევ არ სჯეროდათ საქართველოს წინასწარმეტყველის  სიტყვები: „არ მომკვდარა მხოლოდ სძინავს და ისევ გაიღვიძებსო“. მათ ეგონათ, რომ საქართველო საღათას ძილით იყო შეპყრობილი, რომ მას სამუდამო სიკვდილი ეწერა, მაგრამ, ოი, საკვირველებავ, საქართველოს წმინდა ტრაპეზზე კვლავ აენთო ეროვნების წმინდა, დაუქრობელი კანდელი, რომელიც უნათებს საქართველოს დემოკრატიას აღთქმის ქვეყნისკენ…

ტყუილად ლამობენ მტრები კვლავ მის ჩაქრობას, საქართველოს გულში წყვდიადით მოცულ უფსკვრულის გამეფებას… საქართველოს სხეულმა ის შეირგო, ის შეისისხლხორცა საკუთარი მზის სითბო, მისი მაცოცხლებელი, ცხოველის მყოფელი სხივები, რომ არავითარ ქარიშხალს არ ძალუძს მისი გაქრობა…

საუკუნის განმავლობაში რუსის ჟანდარმის მაგარმა ქუსლმა ენერგიულად სთელა, მაგრამ მაინც ვერ შესძლო საქართველოს გმირული გულის შემტრევა, საქართველოს ფოლადისებურ მაგარ ნებისყოფასთან ისიც კი სუსტი გამოდგა, მან მხოლოდ შესძლო საქართველოს გულში დაჭრა, დაკოდვა, მაგრამ სიკვდილი მაინც ვერა…

დღეს მას ჭრილობა მოუშუშდა, ეროვნული იარები დაუამდა და დღეს ის სრულის გამარჯვების იმედით შეხარის გაზაფხულის საამო დღეებს. არა გვგონია, რომ ახალმა ჯალათებმა რა მხრიდანაც, ან რა ფერისაც უნდა იყოს ის, შესძლოს საქართველოდ დემოკრატიის ახალი მონობის უღელში შებმა… არა და ათასჯერ არა, რადგანაც ასეთია ერის უზენაესი ნება-სურვილი…

ან რას გვერჩიან, რა საბუთი აქვთ მტრობისა, ვისთვის რა დაგვშავებია, ვის რას ვართმევთ, სხვას ხომ არას ვედავებით რატომ არ დაგვაყენებენ ჩვენს საკუთარ მიწა-წყალზე?!.. დეე მისცენ ერს გასაქანი სახელმწიფოებრივი თვითშემოქმედების გამოჩენისა, საკუთარ სახელმწიფოს აღორძინებისა, განმტკიცებისა… ნუ თუ მტრების ინტერესები მოითხოვს საქართველოს დემოკრატიის საკუთარი სულის ჩაქრობას, ნუ თუ მათ ასე გაახარებს ქართველი ერის სიკვდილი?..

მაგრამ ასეთი გულუბრყვილო კითხვები ალბად ისტერიულად გააცინებს ჩვენს მტერთა და ორგულთ… მათ ქართველი ერის კეთილშობილურ სიტყვასა და გრძნობას იარაღის ჩხარუნი ანაცვალეს… და დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის ორი წლის თავზე სულ რამოდენიმე ვერსის მანძილზე ჩვენიდან კვლავ ისმის ზარბაზნების ხმა საქართველოს სასიკვდილოთ მიმარათული, დღესაც კვლავ ელვარებს საქართველოს დემოკრატიის გულში ჩასაკვრელად აღმართული ჟანგიანი ხმალი…

დღეს, როცა მთელი ერი, ყველა, სულ ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას ამ ისტორიული, ეროვნულ ზეიმში ჩვენი საუკეთესო შვილნი ფრონტზე არიან კარზე მოსულ მტერთა წინააღმდეგ…  

და დღეს დამოუკიდებლობის ორი წლის თავზე არ შეგვიძლია კიდევ ერთხელ ხმა მაღლა, ყველას გასაგონათ არ შევსძახოთ ჩვენი არსებობის წინააღმდეგ მებრძოლთ: – გონს მოდით, ნუ ღვრით უბრალო უდანაშაულო სისხლს, სულ ნუ ჩაგყლაპავთ ავანტიურისტული სულის კვეთება, ხელი აიღეთ ჩვენგან, ნუ გაგვსრით სისხლში, შორს ჩვენგან თქვენი სისხლიანი ხელები! თქვენი არაფერი გვსურს, მაგრამ თუ ჩვენსას შეეხებით, მწარედ განანებთ!

საქართველოს დემოკრატია ლამაზ სიკვდილს ანაცვალებს თქვენს მონობაში სიცოცხლეს, ის უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაიცავს თავის ჭაღარა ბელადის [ნოე ჟორდანიას] უკანასკნელად განმოერებულ  პოეტის ანდერძს: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“…

დამოუკიდებლობის ამ ორი წლის თავზე გვინდა სულ მოკლედ გადავავლოთ თვალი დამოუკიდებლობის მეორე წლის განმავლობაში განვლილ გზას. მრავალ-ფეროვანი და ყოველმხრივ შინაარსიანი იყო ეს წელი.

მრავალ ისტორიულ მასალას ჰპოვებს აქ საქართველოს მემატიანე.

საერთაშორისო ოჯახში საქართველოს თანასწორ წევრად მიღება, მისი დეფაქტოდ ცნობამ და სხვა პოლიტიკურმა  გამარჯვებამ რამოდენიმე სასიხარულო მომენტები განაცდევია ქართველ ერს, ამ ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ საფრთხე მაინც თან სდევს საქართველოს დემოკრატიას, და ყველაზე რთული საფრთხე ამ ბოლო დროს ჩრდილოეთიდან მოგვევლინა, მაგრამ საქართველოს საღი პოლიტიკის წყალობით, ის ძალა, რომელიც ამ საფრთხეს შუა რუსეთიდან ხელმძღვანელობდა, უკვე შეურიგდა საქართველოს;

საქართველოს სამეგობროდ გაუწოდა ხელი რუსეთის დემოკრატიის ბოლშევიკურმა ნაწილებმაც. შეურიგდა ვამბობთ ჩვენ, მაგრამ რა ფასი აქვს ამ შერიგებას, იკითხავს მკითხველი, მაშინ როცა ბოლშევიკური ჯარი ადერბეიჯანის მოსყიდულ ჯარებთან ერთად გვეომებიან, ეს ხომ სრული დარღვევაა იმ ხელშეკრულებისა, რომელიც დაიდო ჩვენსა და საბჭოთა რუსეთს შორის და მართლაც შერიგების აქტი ხომ ჯერ კიდევ ქაღალდზეა, ჯერ ჩენ ამ შერიგების ნაყოფი არ გვიგემია თუ მხედველობაში არ მივიღებთ, იმ გარემოებას, რომ დიდი ხანია რაც ჩვენში მოქმედი ბოლშევიკების აგენტები „ძალაუფლების ხელში ჩასაგდებათ“ მძინარე საქართველოს მკვიდრთ არ დასცემიათ თავზე.

ამ საზავო ხელშეკრულების ხორცის შესხმაც ისევ და ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩენ საბოლოოდ უნდა დავუმტკიცოთ საბჭოთა რუსეთის მესვეურთ, რომ მათ „მოძღვრებას“ ჩვენში გასავალი არა აქვს, რომ ბალშევიზმს ჰგმობს საქართველოს დემოკრატია და თუ ძალით მოინდომებენ მის თავზე მოხვევას საქართველოს ხმალი კვლავ აღიმართება მოძალადეთა წინააღმდეგ.

დიახ, მრავალი სასიხარულო წუთები განვიცადეთ ამ წლის განმავლობაში, მაგრამ ამ წლის თავზედაც საქართველოს ომი მოახვიეს თავზე, მაგრამ სრული იმედი გვაქვს საქართველოს ემბლემა წმინდა გიორგი სამფეროვან დროშაზე ამ უკანასკნელ ომიდანაც გამარჯვებული გამოვა… გამარჯვება აუცილებელია,  მაგრამ ამ საზეიმო დღესაც მაინც არ შეგვიძლია მწუხარებით აღსავსე გრძნობა არ მოვიხსენიოთ ჩვენი ერის საუკეთესო შვილნი, რომლებიც გმირულად დაეცენ სამშობლოსათვის მტერთან ბრძოლაში… დიდება და პატივი მათ შარავანდედით მოცულ სახელს, დიდება და პატივისცემა მათ სისხლით მოპოვებულ წმინდა საქმეს.

საქართველო დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ხელმძღვანელობდა სამართლიანი პრინციპებით, რომელსაც უნაკლოდ ახორციელებდა ჩვენი მთავრობა, და ის გამარჯვებანი, რომელიც იგემა წელს საქართველოს დემოკრატიამ ეს არის ისევ და ისევ ჩვენი მთავრობის ჭეშმარიტი, სწორი, ბრძნული პოლიტიკის შედეგი.

მთავრობა ყოველივე ზომებს იღებდა გარეშე პოლიტიკის გასამარჯვებლად და კიდევაც მიაღწია მიზანს, მაგრამ არა ნაკლები ენერგიით ზრუნავდა ჩვენი მთავრობა შინაური ცხოვრების მოსაწესრიგებლად;

თუმც არ ვიტყვით, რომ ჩვენ შინაურ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე მიმდინარეობდეს, რომ ყველაფერი უკვე გაკეთდა, მაგრამ რა გაეწყობა, ეს მთავრობის ბრალი არ არის, – ამის მიზეზები ჩვენს გარეშე უნდა ვეძიოთ.

მთავრობის მუყაითი და ბეჯითი საქმიანობით მიმდინარე წელს საკმაოდ გამაგრდა ჩვენი ერობები და ქალაქის თვითმმართველობანი,  რომლებიც დღეს უმთავრეს როლს ასრულებენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, საერთო სახელმწიფოებრივი წესრიგიც დღითი დღე უმჯობესდება ჩვენი მთავრობის უნარიანობით.

გამარჯვება და დღეგრძელობა საქართველოს მთავრობას!…

შინაურ თუ გარეშე პოლიტიკაშ ჩვენს მთვარობას მუდამ ტონს აძლევდა საქართველოს უზენაესი ორგანო. დამფუძნებელი კრება, რომელიც მუდამ დარაჯათ ედგა საქართველოს ხალხს, მის მთავრობას, რომელმაც ამ წლის განმავლობაში გამოსცა რამოდენიმე კანონ-დეკრეტი საქართველოს დემოკრატიის საკეთილდღეოდ.

მაგრამ ჩვენი დამფუძნებელი კრების წევრები არ კმაყოფილდებიან მარტო დამფუძნებელი კრების დარბაზში მუშაობით, ისინი ხალხში გადიოდენ, თვითეულ სერიოზულ მომენტის დროს თავის ამომრჩევლებს უდგენ გვერდით, მათ ჰქონდათ მუდამ სულიერი კავშირი, უხსნიდენ მათ საქართველოს ჯარზე მომდგარი ჭირის თუ ლხინის შესახებ.

სალამი საქართველოს დიდ ბატონები – დამფუძნებელი კრების წევრებს!

ყველაზე უფრო დამოუკიდებლობის მეორე წლის განმავლობაშ გაჭიანურდა ბათომის საკითხის გადაჭრა. ქართველმა ერმა მთელი ევროპის შეგნებულ კაცობრიობის წინაშე ხმა მაღლა, პროტესტის სახით განაცხადა, რომ მას უმართებულოთ ჭრიან საკუთარ სხეულს, რომ მას უბათუმოთ არსებობა არ შეუძლია, რომ ბათუმი მისი ოლქი და საერთოდ მთელი აჭარისტანი მისი ორგანიზმის მაცოცხლებელი განუყრელი ნაწილია.

მრავალი ჯურის მტრები მუშაობდენ ბათომის ოლქში მიმდინარე წელს საქართველოს წინააღმდეგ, მრავალი მილიონები დაიხარჯა ჩვენი თანამოძმე აჭარლების მოსასყიდლათ. მაგრამ ამაოდ ჩვენმა თანაერთხორცმა სამაჰმადიანო საქართველომ დიდი ხანია რაც აღიარა მღვთისა და ერის წინაშე, რომ მას თავის დედა საქართველოსთან სურს სიკვდილი და სიცოცხლეც.

მიუხედავად უკანასკნელ ხანებში შექმნილი პირობებისა ამას იმეორებს დღესაც სამაჰმადიანო საქართველო, რასაც ნათლად ამოწმებს უკანასკნელ დღეებში ხულოში 79 სოფლის დადგენილება. ამ ჟამად ბათომში გამეფებულია სისტემატიურათ კაცის კვლა, ძარცვა-გლეჯა და სხვა ათასგვარი ბოროტ-მოქმედებანი, რომელიც სტანჯავს, მოსვენებას უკარგავს მშვიდობის მოყვარე მოქალაქეებს.

ხალხი ელის მის კანონიერ ბატონ-პატრონს, მაგრამ ჯერ მას იქ არ უშვებენ. საქართველოს ჯარს ნაწამები მცხოვრებლები ყველგან აღფრთოვანების ეგებებიან, ეს არც გასაკვირია, – რადგანაც სადაც კი შედგა ოლქში ფეხი ქართველმა ჯარმა ყველგან სიწყნარე და სრული წესრიგიანობა დამყარდა.

მიუხედვათ ასეთი მდგომარეობისა, ჩვენ მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ ევროპის ბედის დღევანდელი გამგენი საბოლოოდ არ მოისურვებენ საქართველოს დაჩაგვრას და ბათომს ადრე თუ გვიან მის კანონიერ ჭირისუფალს  – საქართველოს დემოკრატიას ჩააბარებენ

გ. მ.

მსგავსი/Related

Back to top button