საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26 მაისს საქართველო პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 106-ე წლისთავს და დამოუკიდებლობის აღდგენის 33-ე წლისთავს აღნიშნავს. თავისუფლების მოედანზე დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს ასევე მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რის შემდეგაც, ტრადიციულად, ახალწვეულების ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა
საქართველოს თავდაცვის ძალებს პრეზიდენტმა და ქვეყნის მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის თქმით, საქართველო არასდროს დაივიწყებს წარსულის გმირებს, რომლებიც ვაჟკაცურად იბრძოდნენ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც დღეს საქართველოს აქვს და რომლის დაცვის პასუხისმგებლობაც თითოეული ქართველს აკისრია
პრეზიდენტმა იმ ქართველებსაც მიმართა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხეშია „უცხოელი აგენტების“ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკის გამო: „ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ“.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ როგორც საფრანგეთში ემიგრანტების შვილი, რომელიც შორიდან იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რომელიც ქვეყანას 1918 წელს ხანმოკლედ მიენიჭა, და იმავდროულად, როგორც პირი, რომელმაც შეთანხმება დადო რუსეთის ჯართან საქართველოდან მშვიდობიანად გასვლის შესახებ, იგი თავს ვალდებულად მიიჩნევს თავისი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე, რომ „ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის“. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ხალხი, ვინც საქართველო დამოუკიდებლობამდე ნახა და ის თაობაც, რომელსაც არასოდეს უნახავს საქართველო ვინმეს მმართველობის ქვეშ და ვერ წარმოუდგენია, რას ნიშნავს თავისუფლების დაკარგვა, არავის მისცემს უფლებას წაართვას ის, რაც საქართველოს უშენებია, და ვერავის ვერ დაემონება.
„დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს – საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ. მე როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის უსაფრთხოების და საგარეო კურსის გარანტი, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ამ გამოსავლების პოვნაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენ თვალწინ ნათლად ჩანს და რა არის ეს გამოსავალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. „დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია მისი ყველა უფლება“.
„ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მიდი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვხედავთ – რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი, გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 33 წლის წინ საქართველო დასავლურ გზას დაადგა, და რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის იდგნენ საქართველოს გვერდით, „მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად“. „დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი“, – დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, გამოსავლის გზის მეორე ქვაკუთხედია სტაბილურობა. „ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, თუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით – ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის“.
„ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო – ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავლის გადარჩენა „განსაბჭოებით“ უნდა მოხდეს. „უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა – იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი. წარსული წარსულს უნდა ჩაბარდეს. ჩვენ დღეს რისი მომსმენნი და მონაწილეენიც ვართ, სწორედ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია. წარსულიდან უნდა განვთავისუფლდეთ და განვთავისუფლდეთ ოკუპაციისგან. დეოკუპაციის ერთადერთი, მშვიდობიანი და რეალური გზა ევროპის გზაა, რომელიც არც ერთ ფარულ გარიგებასა და არც ერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის, სამაგიეროდ ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპურდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პრესპექტივას, ადამიანის უფლებების რეალურ დაცვას და ნამდვილ მშვიდობას, სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე“.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უნდა განთავისუფლდეს სასამართლო სისტემა, რადგან „სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა“. ამასთანავე, მისი თქმით, ევროპული გზა ეკონომიკისა და ბიზნესის განთავისუფლებაზე გადის. პრეზიდენტის თქმით, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყველაგვარი არაკანონიერი თუ პოლიტიკური ჩარევისაგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნეს გარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე უნდა გათავისუფლდეს სოციალური ცხოვრება, რათა დაცული იყოს ყველას პირადი, ოჯახური, სამუშაო და საზოგადოებრივი ცხოვრება; კულტურა, რომლის ცენზურა შეუძლებელია, რადგან მას აქვს რეალური შანსი, კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიკავოს თავისი ადგილი; სპორტი, რათა ვერავინ აიღოს პასუხისმგებლობა სპორტსმენების ისტორიულ გამარჯვებებზე, როგორც ეს ტოტალიტარულ რეჟიმებში ხდება.
„ეს გათავისუფლების გზა უთუოდ გასავლელია და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება ასევე პოლიტიკურ სივრცეს. საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია – საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებას. სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა – წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი – დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, გილოცავთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლა
თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „3000 წელია, ქართველები ერთგულად შრომობდნენ, იბრძოდნენ და თავს სწირავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმპერიათა გზაგასაყარზე, სწორედ ამ ერთგულებამ და თავგანწირვამ შეაძლებინა ჩვენს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას, შეენარჩუნებინა თავისუფლება და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ქედს ვიხრი თითოეული გმირის წინაშე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა“.
მისი თქმით, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს“. „ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე – 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში… თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს“, – განაცხადა კობახიძემ.
„სწორედ, ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა „განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი“.
„3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით გადავარჩინეთ. დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა. ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)