საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
26 მაისს საქართველო პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 106-ე წლისთავს და დამოუკიდებლობის აღდგენის 33-ე წლისთავს აღნიშნავს. უცხო ქვეყნის ლიდერებმა, დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მილოცვები და კეთილი სურვილები გაუგზავნეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა: „საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ. იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური“.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: „ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!“
პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „გულთბილად ვულოცავ საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით დამოუკიდებლობა და დემოკრატია აირჩია. ისევე როგორც მაშინ, ახლაც გერმანია მტკიცედ დგას მათ მხარეს, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს ერთგულია“.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ყველა ქართველ კოლეგას და მეგობარს! გაუმარჯოს საქართველოს!“
აშშ-ის საელჩო საქართველოში: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“.
შვედეთის საელჩო საქართველოში: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! შვედეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერას“.
ინგრიდა შიმონიტე, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: „ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და საქართველოს ხალხმა ცალსახად აირჩია თავისი ქვეყნის ევროპული მომავალი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი ხალხის ნება და დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის კურსს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული.
ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი: „გულთბილად მივესალმები ქართველ ხალხს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. რადგან საქართველო გზაჯვარედინზე დგას, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ლატვიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, რომელიც ხალხმა აირჩია. გადაწყვეტილების მიღების დროა.”
ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი: „საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ეს დღე ასახავს ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას, რომელიც 1918 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ვუსურვებ საქართველოს მამაც ხალხს ძალას, რათა გადალახონ ყველა დაბრკოლება, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და კეთილდღეობას, და წარმატებით განახორციელონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილი. დაე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად აღდგეს“.
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)