skip to content
რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღესასწაულისთვის ემზადება

გაზ. ერთობა, 1920 წლის 20 მაისი, N112

26 მაისისთვის

დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიამ თფილისის ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ, კულტურულს, საზოგადოებრივ და ეკონომიურ დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად დაადგინა შემდეგი:

26 მაისი საყოველთაო ეროვნული დღესასწაულია, დამოუკიდებლობის დაცვის დამამტკიცებელი სიმბოლოა. მას დღესასწაულობს მთელი საქართველოს ხალხი განურჩევლად მდგომარეობისა, მიმართულებისა, სქესისა, სარწმუნოებისა და ეროვნებისა.

ამ სახალხო დღესასწაულს გაუძღვებიან ადგილობრივი ძალები, ქალაქებში თვითმმართველობანი, სოფლად, პროვინციებში, ერობები თემები; იდღესასწაულებენ ავტონომიურად, შეძლებისდაგვარად, თავის მხატვრულ გემოვნების მიხედვით და სახელმწიფოებრივ – ეროვნული ელფერის მიცემით.

რესპუბლიკის დედა ქალაქის მორთვა განათებაზე იზრუნებენ მისივე მცხოვრებნი და ქალაქის თვითმმართველობა.

ყველა დაწესებულება, რომელსაც კი სურვილი აქვს 26-ს მაისობაში ამა თუ იმ სახით მონაწილეობის მიღება, წინასწარ თადარიგისათვის აცნობებს კომისიას.

ზეიმში ყველა მონაწილე ორგანიზაციები თავიანთ ნიშნებით და დროშებით იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე და შემდეგ გაემართებიან აქედან სტადიონისაკენ.

განსაკუთრებით სასურველია, რომ პროცესიაში მონაწილეობდნენ მორთული ეტლები და ავტომობილები, რომელნიც მორთულ მოკაზმულ უნდა იქნენ საქართველოს თავისუფლების და მომენტის მნიშვნელობის სიმბოლოებით , როგორადაც მაგალითად  – „რევოლუცია და მისი დაცვა“, „დამოუკიდებლობა“, „სამშობლოს დაცვა“, სიმბოლოები „ნაყოფიერებისა“, „სილამაზისა“, „მეურნეობისა“, „სწავლა-განათლებისა“ და სხვა.

ყველა ვინც ავტომობილს ან ეტლის მორთვას განიზრახავს, წინასწარ უნდა აცნობოს კომისიას, რომელიც თუ საჭირო იქნება, დაეხმარება მას თავისი მხატვრების საშუალებით.

ვაკეში სტადიონზე გამართული იქნება სხვადასხვა გვარი სანახაობანი: აპოთეოზი, შევარდენთა მრავალ-მხრივი ვარჯიშობანი, ფეხბურთი, ხევსურთ ფარიკაობა, ბურთაობა, ჯირითი, ცეკვა, სიმღერა და სხვა.

დღეობაში ხელოვნების მხრივ გამოჩინებით გამოსულთ მიეცემათ ჯილდონი. საღამოთი ყველა თეატრებში გაიმართება სადღესასწაულო წარმოდგენები.

ამ დღეს თფილისიდან გაემართებიან სადღესასწაულო მატარებლები ფრონტისკენ, რომლებითაც სხვათა შორის გაეგზავნებათ მეომრებს სადღესასწაულო საჩუქრები, რის მოგვარება შეკრებაც მიენდო საგანგებო კომისიას.

მსგავსი/Related

Back to top button