skip to content
რესპუბლიკის ამბები

დასავლეთ საქართველოში სატრანსპორტო მოძრაობა იწყება

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 მარტი, N66

საქართველოს სატრანსპორტო საზოგადოებაში

ტრანსპორტის მოწყობა იმ ადგილებში, რომელთაც ეს განსაკუთრებით ესაჭიროებათ, განხორციელების კვალში ჩადგა: გამგეობის წევრი გ. ფირცხელაური, რომელსაც აქვს ჩაბარებული ხმელეთის ტრანსპორტის გამგებლობა, პირადათ იყო ქუთაისში მიმდინარე თვის დამდეგს და გახსნა ავტომობილების მიმოსვლა ბაღდადსა და ხონამდის 7 მარტიდან. ავტომობილები დღეში ორი რეისს აკეთებენ და მგზავრთა სიმრავლე ამტკიცებს, რამდენად ესაჭიროება ამ კუთხის რიგიანი მიმოსვლა. როგორც ერობა, ისე ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველ ღონეს ხმარობენ სათანადოთ შეაკეთონ გზა ქუთაისიდგან სამტრედიამდე და იქაც სულ მოკლე ხანში იქნება მოწყობილი მიმოსვლა. მეტად მკაცრი ზამთრით გამოწვეულმა უგზოობამ შეაჩერა ტრაქტის გახსნა ქუთაისიდგან ონამდე. საზოგადოთ ბოლო წლებში სამხედრო-ოსეთის გზატკეცილი, რომელიც აერთიანებს რაჭა-ლეჩხუმს, ძალიან გაფუჭდა, რადგან შესაფერი შეკეთება მას არა ღირსებია, მაინც ამ დღეებში იქაც გაიხსნება მიმოსვლა და საწყალი რაჭაც თავისუფლად ამოისუნთქავს.

საზოგადოება თავის სადგურსა ხსნის ტფილისში, მაგრამ ვიდრე ამ სადგურის დებულება დამტკიცდებოდეს, აღძრულია შუამდგომლობა გზათა დეპარტამენტის წინაშე, რათა რკინის გზათა ქალაქის სადგურმა გაჰყიდოს პირდაპირი მიმოსვლის ბილეთები, ე.ი. იმ ადგილამდე, სადაც სურს მგზავრს წასვლა. საზოგადოების ავტომობილები დახვდებიან მგზავრებს ქუთაისის რკინის გზის სადგურზედ და იქიდან წაიყვანენ მათ პირდაპირ დანიშნულებისამებრ. ეს წესი მგზავრებისათვის რა თქმა უდნა მეტად ხელსაყრელია, ვინაიდან არც მეტი დრო დაეკარგათ და ზოგიერთი ხარჯების შერჩებათ.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯერჯერობით საზოგადოება იმ ძველი ავტომობილებით აწარმოებს მუშაობას, რომლებიც მან მთავრობისაგან მიიღო მეტად გაცვეთილი და დაზიანებული. მათი მუშაობა, რასაკვირველია, არაა საკმაო და დამაკმაყოფილებელი, მაგრამ საზოგადოება ელის ავტომობილების პირველ პარტიას ლონდონიდან, ხოშტარიასაგან და როგორც კი ამ ავტომობილებს  მიიღებს, საქმე სასურველ კალაპოტში ჩადგება. ახალი ავტომობილები ნებას მისცემენ საზოგადოებას ფართო გეგმით აწარმოოს მუშაობა და სავსებით დააკმაყოფილოს მოთხოვნილება.

მსგავსი/Related

Back to top button