ახალი ამბები

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს

Tags

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს აზერბაიჯანში დააპატიმრეს, 17 მარტს პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხთარლის დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2018 წლის იანვარში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისმა ადვოკატებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს და მისი გამართლება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ დაკავებულს საზღვარი ნებით არ გადაუკვეთავს და რომ ის საქართველოდან გაიტაცეს.

საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ხელისუფლება საქმის არასათანადოდ გამოძიების გამო გააკრიტიკეს.

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირმა Twitter-ზე დაწერა, რომ მუხთარლი გერმანიაში მიემგზავრება, სადაც შეძლებს საკუთარ ოჯახს შეუერთდეს.

სამხრეთ კავკასიაში Amnesty International-ის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი „სინდისის პატიმარი“ იყო და რომ მას ციხეში არცერთი დღე უნდა გაეტარებინა. „სამწუხაროა, რომ საქართველომ ჯერაც ვერ გამოიძია თბილისში მისი გატაცების საქმე“, – დაწერა ასათიანმა Twitter-ზე.

ამბის წინაისტორია

უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 2017 წლის 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა, რომ აზერბაჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც იგი საზღვრის მიღმა, ბაქოში პატიმრობაში აღმოჩნდა, რასაც, როგორც მან ადვოკატს განუცხადა, წინ მისი გატაცება და საზღვარზე გადაყვანა უძღოდა“.

Amnesty International-მა მაშინ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანში ძალით დაბრუნებაში საქართველოს ხელისუფლებაც მონაწილეობდა“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით გამოძიება დაიწყო.

2017 წლის ივლისში საქართველოს პროკურატურამ მუხთარლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ხოლო შსს-მ განაცხადა, რომ მისი სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი, „ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და, მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე“, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს დატოვებდნენ. თუმცა, მას შემდეგ გამოძიებას რაიმე შედეგი არ მოყოლია.

2018 წლის მაისში, გადადგომამდე გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ქართველმა გამომძიებლებმა უამრავი მოწმე დაკითხეს და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც შეამოწმეს. თუმცა, მისი თქმით, ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს.

ბოლო ორი წელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა ანგარიშებში საქართველოს ხელისუფლების მიერ მუხთარლის საქმის არასათანადო გამოძიების თაობაზე წუხილებს გამოთქვამს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button