Placeholder canvas
ახალი ამბები

აფგან მუხთარლის მეუღლე მასზე თვალთვალის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

მაისის ბოლოს თბილისიდან გაუჩინარებული და ბაქოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მასზე თვალთვალის გამოუძიებელი ფაქტების შესახებ ისაუბრა და თვალთვალში ეჭვმიტანილი პირების ამსახველი მასალა გამოაქვეყნა. 

მუსტაფაევას განცხადებით, მის ოჯახზე თვალთვალი, რომელიც მუხთარლის გაუჩინარებამდე დაიწყო და დღემდე გრძელდება, განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როდესაც საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოდიან. იგი ასევე გამოთქვამს ეჭვს რომ,  თვალთვალს ბაქოდან მოვლენილი პირები, ან SOCAR-ის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ.

დღეს გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალა, რომლის ნაწილიც მუხთარლიმ თბილისიდან გაუჩინარებამდე თავად გადაიღო, პროკურატურას 7 აგვისტოს გადასცეს, თუმცა მასალაში აღბეჭდილი პირების იდენტიფიცირება დღემდე არ მომხდარა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ, რომელიც საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და მის ოჯახზე თვალთვალის ფაქტების გამოძიებას კვლავ მოითხოვს, დღეს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. 

„ადრეულ ეტაპზე, მან [კვირიკაშვილმა] გააკეთა არაერთი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ინფორმირებული იყო გატაცების შესახებ. მან უნდა უპასუხოს კითხვებს, თუ რა მოიმოქმედა მისმა მთავრობამ ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით“, – განაცხადა მუსტაფაევამ. 

ლეილა მუსტაფაევას, მისი მცირეწლოვანი ქალიშვილისა და ოჯახის ახლობლების მიმართ თვალთვალის გამოუძიებელ ფაქტებზე დღეს მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმაც, ისაუბრა. ადვოკატის თქმით, თვალთვალის გახშირებული ფაქტები, ასევე პროკურატურის მიერ „საქმის თვითდინებაზე მიშვება“ აძლიერებს ეჭვს, რომ „ახალი დანაშაული“ ამჯერად ლეილა მუსტაფაევას წინააღმდეგ მზადდება. 

საგამოძიებო ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების კორუფციულ საქმეებზე მუშაობდა, თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო მეორე დღეს აზერბაიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. 30 მაისს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისში, თავისი სახლის მახლობლად, უცნობმა პირებმა ძალით ჩასვეს მანქანაში. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაკავებულ ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა ედება ბრალად.

ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანში დაპატიმრებას, ასევე არასათანადოდ წარმოებულ გამოძიებას საქართველოს პრეზიდენტის, ქართული ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.

საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

მსგავსი/Related

Back to top button