ახალი ამბები

ევროპარლამენტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე დებატები გაიმართა


ევროპარლამენტის პალატა სტრასბურგში, 15 ივნისი, 2017.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში 36-წუთიანი დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ჟურნალისტის სავარაუდო გატაცების, მათ შორის საქართველოს ოფიციალური პირების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს.

ევროპარლამენტარმა გაერთიანებული სამეფოდან, ჩარლზ ტენოკმა, რომელიც ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის წევრია და რომელიც რეზოლუციის ერთ-ერთი თანაავტორია, პირველმა ისაუბრა დებატების დროს და განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის მოქალაქის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცება ქართულ მიწაზე უკიდურესად შემაშფოთებელი და სერიოზული საქმეა მისი როგორც ჟურნალისტის საქმიანობის გათვალისწინებით, რომელმაც დატოვა საკუთარი ქვეყანა, რათა აზერბაიჯანის ხელისუფლების დევნისგან უსაფრთხო თავშესაფარი ეპოვნა“.

„განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა რამენაირად მონაწილეობდა ამ საქმეში, ასევე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ტენოკმა და დასძინა, რომ იგი მიესალმება რეზოლუციის იმ პუნქტს, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საქმის „სწრაფი, სიღრმისეული, გამჭვირვალე და ეფექტური“ გამოძიება უზრუნველყოს.

საქართველოს მიერ „სწრაფი და გამჭირვალე“ გამოძიების მნიშვნელობის საკითხი რეზოლუციის კიდევ ერთმა ავტორმა, ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან (ALDE) ლიტველმა დეპუტატმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმაც წამოწია. მან ხაზი გაუსვა, რომ ბაქო და თბილისი „პარტნიორები უნდა იყვნენ გამოძიებაში და ჩვენ სრული და საბოლოო ინფორმაცია უნდა მივიღოთ ამ საქმეზე“. „წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი ეჭვია მომავალი პარტნიორობის შესახებ“, – დასძინა მან.

პოლონელმა დეპუტატმა ანა ფოტიგამ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფიდან ასევე ისაუბრა სიღრმისეული გამოძიების საჭიროების შესახებ და აღნიშნა, რომ მუხთარლის „გატაცება სავარაუდოდ ქართული სამსახურების მიერ სერიოზული დარტყმაა ქვეყნის რეპუტაციისთვის“. „ორივე ქვეყანაში რაც შეიძლება ენერგიული გამოძიება უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა მან.

ირლანდიელმა დეპუტატმა შონ კელიმ ევროპის სახალხო პარტიიდან საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. „აფგან მუხთარლის გატაცება და დაპატიმრება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ პასუხი აგოს. ასევე უნდა იქნას შესწავლილი საქართველოს ოფიციალური პირების სავარაუდო მონაწილეობა ამ საქმეში ძირითადი უფლებების პატივისცემის და მთავრობის პატიოსნების თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ის იქ [საქართველოში] გამოიქცა და საბოლოოდ ბაქოში აღმოჩნდა“, – განაცხადა მან.

ფინელმა ევროპარლამენტარმა ჰეიდი ჰაუტალამ მწვანეთა/ევროპის თავისუფალი ალიანსის ჯგუფიდან სავარაუდო გატაცების საქმეს „უპრეცედენტო“ უწოდა. „გავრცელდა ინფორმაცია დამოუკიდებული ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცების შესახებ და მე სავსებით მესმის, რატომ განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომ ეს არა მხოლოდ მედიის თავისუფლების დაცვის საკითხია, არამედ ასევე ეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას“.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს საბაბი დავიჯეროთ, რომ საქართველო სრულიად გამჭირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს იმაზე, რაც მოხდა. ჩვენ ორი სრულიად განსხვავებული ისტორია გვაქვას იმაზე, რაც მოხდა და ეს უნდა გავარკვიოთ, ვინაიდან ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს“, – დასძინა მან.

ევროპარლამენტარებმა ასევე იმსჯელეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის თხოვნაზე, რომელმაც რამდენიმე დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტს კენჭისყრის გადადების თხოვნით მიმართა, 16 ივნისს ბაქოში ვიზიტთან დაკავშირებით. თუმცა, მისი ეს თხოვნა კენჭისყრის გადადების თაობაზე დეპუტატებმა არ დააკმაყოფილეს 315 ხმით 272-ის წინააღმდეგ.

თავდაპირველად, ევროპარლამენტის ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა რეზოლუციის ექვსი დამოუკიდებელი პროექტი წარადგინეს. მაგრამ 14 ივნისს რეზოლუციის პროექტის შესახებ ერთობლივი შუამდგომლობა შემდეგმა ჯგუფებმა დააყენეს: EPP, S&D, ECR, ALDE, GUE/NGL, EFDD და Verts/ALE.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button