ახალი ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს


აფგან მუხთარლი. ფოტო: facebook.com/efqan.muxtarli

29 მაისს თბილისის ცენტრიდან საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული და მომდევნო დღეს ბაქოში დაპატიმრებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები უკვე მიიღო.

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე გამოიკითხება ყველა პირი, ვისაც შესაძლოა რაიმე შემხებლობა ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე, შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს-ის სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, რომლებიც „უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და, მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე“, გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ.

გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მინისტრმა დაასაბუთა იმით გარემოებით, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში“ მუხთარლის მიერ საზღვრის კვეთა „გაურკვეველ ვითარებაში“ მოხდა. „მიმაჩნია, რომ შესაბამისი ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა მღებრიშვილმა. 

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის, ოთარ კუპრაშვილის, მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა

გამოძიების შუალედური შედეგები

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, 20 ივლისს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოძიების შუალედური შედეგები წარმოადგინა. 

მინისტრის ინფორმაციით, ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, მუხთარლის საცხოვრებელ სახლთან მდებარე კამერების ჩანაწერები. ასევე გამოიკითხა 343 მოწმე, მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, სამარშრუტო ტაქსის 22 მძღოლი და 127 სხვა პირი, რომელთაც შესაძლოა დაენახათ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გადაადგილება. თუმცა, მუხთარლისთან დაკავშირებით, არც ერთი ჩვენებითა და მტკიცებულებით რაიმე საეჭვო არ გამოვლენილა. 

გიორგი მღებრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის ქართველ ადვოკატს, არჩილ ჩოფიკაშვილს, მასალების გაცნობის და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება მიეცა. 

ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გამოძიების შუალედური შედეგებით უკმაყოფილება გამოხატა. მან გამოძიების ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების დღეს, თბილისიდან ლაგოდეხამდე მუხთარლის გადაადგილების მარშრუტზე არც ერთი სათვალთვალო კამერა არ მუშაობდა, ხოლო უშუალოდ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სათვალთვალო მოწყობილობა დაზიანებული აღმოჩნდა. 

ჩოფიკაშვილმა შსს-ის და სუს-ის თანამდებობის პირთა გადაყენებაზეც ისაუბრა და ეს გადაწყვეტილება შეაფასა როგორც „ძალიან დაგვიანებული“ და „არაპროპორციული იმ გამოწვევებისა, რაც არსებობს“.

აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო მეორე დღეს აზერბაიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. 30 მაისს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისში, თავისი სახლის მახლობლად, უცნობმა პირებმა ძალით ჩასვეს მანქანაში. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაკავებულ ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა ედება ბრალად.

მუხთარლის საქმეზე, საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button