Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

თფილისში საბავშვო ბაღი, კლუბი და ბიბლიოთეკა იხსნება

გაზ. ერთობა, 1920 წლის 22 იანვარი, N15

ბავშვის სახლი

მოქალაქენო! თქვენ იცით, რომ თფილისში დაარსდა „დედათა და ბავშთა დაცვის საზოგადოება“ (საზოგადოების საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ნოე ჟორდანიას ცოლი ინა ჟორდანია, ნოე რამიშვილის ცოლი მარო გოგიაშვილი, აკაკი ჩხენკელის ცოლი მაკრინე ჩხენკელი და სხვა პოლიტიკოსის მეუღლეები, ასევე პედაგოგი, ჟურნალისტი და ხელოვანი ქალები – რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა) . თქვენ იცით, რომ ამ საზოგადოებამ უკვე განახორციელა პრაქტიკულად ზოგი თავისი მიზანთაგანი საბავშვო თავშესაფრებისა და უფასო კონსულტაციების მოწყობით. ეს საზოგადოება იწყებს კიდევ ერთ დიდ მნიშვნელოვან საქმეს. იანვრის შუა რიცხვებში ხსნის  „ბავშვის სახლს“, რომელიც შეიცავს საბავშვო ბაღს,  საბავშვო კლუბსა და საბავშვო წიგნსაცავ-სამკითხველოს. მოქალაქენო, კულტურული ევროპა მოფენილია ასეთი დაწესებულებებით, ხოლო ჩვენში ეს პირველი ცდაა და ჩვენი საზოგადოების შეგნება-განვითარებაზე იქნება დამოკიდებული მისი ზრდა-წარმატება. „საბავშო სახლთან“ განზრახული ბიბლიოთეკა-სამკითხველოსათვის საჭიროა საყმაწვილო წიგნები, სურათები, სახელმძღვანელოები. მოქალაქენო, ვისაც საჭიროთ მიაჩნია, რომ ჩვენს შვილებს მიეცეს გონებრივი და ზნეობრივი საზრდო, ვისაც საჭიროთ მიაჩნია, რომ ჩვენი შვილები ქუჩის ცუდ გავლენას ააშოროს და მისცეს ბავშვს საღი გონებრივი საზრდო, შემოიტანეთ თქვენი წვლილი, გახდით მონაწილე ამ დიდ საქმისა. ყოველი შემოწირულობა წიგნებით, სურათებით თუ სახელმძღვანელოებით მიიღება დიდის მადლობით საზოგადოების კანცელარიაში. პეტრე დიდის ქუჩაზედ N8.

პედაგოგიური სექციის წევრები: ნ. ნაკაშიძე, ელ. ელიავა, ან. ქიქოძე, ს.დ. აღრუთინსკაია-დოლგორუკა, ე. გორინა, მელ. გველესიანი.

მსგავსი/Related

Back to top button